ოხანაშვილი კრიტიკულ წერილებზე: ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება

"მათ გზავნილებთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება" - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ამერიკელი სენატორებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრის შესახებ თქვა.

ტაბულამ ოხანაშვილს ჰკითხა, რა გარანტიები მისცა დავით ზალკალიანმა უცხოელ პარტნიორებს, რაზეც სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს. კერძოდ, როგორც ჯიმ რიშმა თქვა, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე გარანტიები მიიღეს, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება. ანრი ოხანაშვილის თქმით, დახურული შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ის, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, ძალიან დიდი მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან, ამის გამოძახილია, რომ ეს ვიზიტები დაიგეგმა, რომ ძალიან მაღალი დონის შეხვედრები წარიმართება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი" - ამბობს ოხანაშვილი და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება "პასუხისმგებლობით ეკიდება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი, ჩვენი ხელისუფლებისადმი".

ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების წერილებთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დამატებითი საუბრისთვის ქართული ოცნება მზად არის.

"თუკი არსებობს რაიმე ტიპის კითხვები, რაიმე ტიპის არაზუსტი ინფორმაცია მიწდებული და საჭიროა დამატებითი საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, ამისთვის ვართ მზად, ამას ემსახურება ეს ყველაფერი, დანარჩენი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შირის მტკიცე თანამშრომლობას არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება" - თქვა ოხანაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ის შეხვედრებს მართავს კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის წევრებთან. მისი ვიზიტი 6 თებერვალს დასრულდება, დღეს კი, აშშ-ში საპარლამენტო დელეგაცია ჩადის, რომელსაც არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს. მმართველი გუნდი საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი სენატორებისა და კონგრესმენებისთვის "ზუსტი ინფორმაციის" მიწოდებას აპირებს. ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ "ოპოზიციის მხრიდან შეცდომაში შეყვანილ" საერთაშორისო პარტნიორებს "პირდაპირი კომუნიკაციით" საპირისპიროში დაარწმუნებენ და "შესაბამის შედეგს" მიიღებენ.

-------------------------

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ პირველი წერილი გიორგი გახარიამ კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების, ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლისგან, მიიღო. წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამდნენ, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ, თავზარდამცემია.

19 იანვარს გახარიას წერილით მიმართა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, და მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერდა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, კინზინგერისა და კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

მალინის წერილს მალევე, 21 იანვარს კიდევ ერთი წერილი დაემატა, რომელსაც ხელს აწერდნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამდნენ დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

25 იანვარს ენმ-მ გახარიას მიმართ მიწერილი კიდევ ერთი წერილი გაასაჯაროვა, რომელიც 19 დეკემბრითაა დათარიღებული. წერილის ავტორი ამჯერად ჰელსინკის კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი იყო. წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაში თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

30 იანვარს საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან მორიგი წერილი გამოუგზავნეს. ამჯერად წერილის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი იყვნენ, სადაც ისინი წერდნენ, რომ თუკი პროცესები საქართველოში ასე გაგრძელდება, "ამერიკა შეიძლება, იძულებული გახდეს, საქართველოსთან პარტნირობას გადახედოს". 

ტეხასელ კონგრესმენს პიტერ ოლსონს მართალია გახარიასთვის წერილი არ მიუწერია, თუმცა მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ "ქართველი ხალხი კორუმპირებულ მთავრობაზე უკეთესს იმსახურებს".

28 იანვარს კი კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სატელევიზიო შოუს პერსონაჟს გრაუჩი ოსკარს შეადარა და მას ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა.

31 იანვარს საქართველოში მიმდინარე პროცესს კონგრესმენი უილ ჰარდიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის მოხარულია იმ ფაქტით, რომ "თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს", რომლებიც ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმის მიღებას ითხოვენ, აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

კომენტარები