არჩევნები 2020

ბაქრაძე: ODIHR-მა თქვა, რომ ჩვენი შეთავაზება არის კარგი, თუ გინდათ, ვოლსკის მოდელი დაარქვით

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიცია საარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირის დასკვნას უმრავლესობას შესაბამის კანონპროექტთან ერთად გადასცემს. ბაქრაძემ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია, საარჩევნო მოდელს სახელი თავად შეურჩიოს.

"დაარქვან გინდა გერმანული, გინდა იტალიური, გინდა ინდოჩინური მოდელი, რაც უნდათ, ის დაარქვან. ეს არის ჩვენი შეთავაზება, ეს არის ის, რაზეც ოდირი იძახის, რომ შეესაბამება საარჩევნო პრაქტიკას და საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ის, რაზეც ოდირს გააჩნია მხოლოდ ექვსი ტექნიკური შენიშვნა და ჩვენ მზად ვართ, ექვსივე გავითვალისწინოთ, რათა ოდირთან არავითარი შენიშვნა და შეკითხვა აღარ გვქონდეს.

ამ ყველაფერს ვაძლევთ უმრავლესობას და ვეუბნებით - ახლა გვითხარით, რა გინდათ, ეს ყველაფერი შესაბამისობაშია კანონმდებლობასთანაც, კონსტიტუციასთანაც, ევროპულ პრაქტიკასთანაც, აგერ გვაქვს ყველაზე ავტორიტარული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, რომ ეს არის კარგი. აგერ გადმოგცემთ ამას და სახელი დაარქვით თქვენ, თუ სახელზე უნდა ვიდავოთ, ერქვას ვოლსკის მოდელი, კი ბატონო. ამ მოდელით რა გინდათ, თანახმა ხართ თუ არა, რომ შედგეს შეთანხმება, გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და ქვეყანა დამშვიდდეს" - თქვა ბაქრაძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეთავაზებულ კანონპროექტს არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა.

"არის სურვილის და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ორ კვირაში ეს ცვლილებები შეიძლება მიიღოს პარლამენტმა უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით" - განაცხადა ბაქრაძემ "პოლიტმეტრში".

ეუთო-ოდირის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."

ქართული ოცნების ერთერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს ოპოზიციის შეთავაზებულ საარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირის დასკვნა არ უნახავს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ევროპული საქართველო საზოგადოებისთვის "ახალი ტყუილის მოხვევას" აპირებს. მისი თქმით, ეს მხოლოდ ბრიფინგიდან, ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის გარეშეც კარგად ჩანს. მდინარაძე იმეორებს, რომ "ე.წ გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა იყო, არის, იქნება შეუძლებელი" და ევროპული საქართველო "სიტყვებით მანიპულირებს".

საარჩევნო რეფორმაზე ე.წ გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი ოპოზიციამ ეუთოს ომბუდსმენის მეშვეობით დეკემბერში გაუგზავნა.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები