დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში ცოლ-ქმარს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1984 წელს დაბადებული გ.ი., რომელმაც გასულ წელს გარდაბანში ცოლ-ქმარს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს, 1942 წელს დაბადებულ შ.მ. -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა",-წერია განცხადებაში. 

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები