არჩევნები 2020

მდინარაძე: ODIHR-მა დატუქსა ოპოზიცია, თქვა, რომ გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ დაადგენს

ტაბულა

მამუკა მდინარაძის თქმით, ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით ოპოზიცია "ძალიან დატუქსა", ვინაიდან მიუთითა, რომ ორგანიზაცია ვერ განსაზღვრავს საარჩევნო მოდელის კონსტიტუციურობის საკითხს.

საქმე ეხება არჩევნების ე.წ გერმანულ მოდელს, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, მმართველი გუნდი კი მას არაკონსტიტუციურობის მოტივით იწუნებს.

მდინარაძის შეფასებით, სამწუხაროა, როცა ქვეყანას ყავს არაკომპეტენტური ოპოზიცია, რომელიც "უხერხულად" იქცევა. მდინარაძემ თქვა, რომ ეუთოს დასკვნის მიხედვით, "ნებისმიერი მოდელი - შერეული და პროპორციული არის მისაღები და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ მათგანს აირჩევს".

რეალურად, ეუთო/ოდირის მიერ 5 თებერვალს გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელშიც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, წერია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."

ორგანიზაცია წერს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ეროვნულმა სასამართლომ უნდა მიიღოს, ეუთო გასცემს რეკომენდაციებს კანონის საბოლოო მიღებამდე გასათვალისწინებლად".

დასკვნაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობენ საარჩევნო სისტემების განმარტებას", შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ, მაჟორიტარულ თუ შერეულ საარჩევნო სისტემად, "პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევის საგანია."

ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება "უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს".

გარდა ამისა, ოდირი იძლევა ექვს ტექნიკურ რეკომენდაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარდგენილი შეთავაზების გაუმჯობესება. რეკომენდაციებში საუბარია ბიულეტენში არჩევანის მონიშვნის წესზე, ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების შეჯამების ვადაზე, ქვე-ოლქების განსაზღვრაზე, მრავალმანდატიან ოლქებს შორის მანდატების თანაბრად განაწილებაზე და ა.შ.

ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება და ჩააგდო კანონპროექტი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი ოპოზიციის შეთავაზების საწინააღმდეგოდ ის იყო, რომ ე.წ გერმანული მოდელი არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, მის მიღებას კონსტიტუციის ცვლილება და საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდებოდა, ისევე, როგორც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ოპოზიციამ ამის გადასამოწმებლად მოდელი ეუთო/ოდირს გადაუგზავნა ანალიზის ჩასატარებლად.

ვრცლად ე.წ გერმანული მოდელის შესახებ შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ, ხოლო მისი შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის, მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ, აქ.

კომენტარები