ე.წ გერმანული მოდელი

ოხანაშვილი: ტაიმერი ჩართულია, დღეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო

აიპრესი

"პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა ნაციონალური მოძრაობა, ტაიმერი ჩართულია, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო დღეს", - ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი "ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგის დასრულების შემდეგ.

ოხანაშვილის შეფასებით, ამის მიმანიშნებელია ეუთო-ოდირის დასკვნა, - "თუ ისინი კარგი იურისტები არიან და კითხულობენ ტექსტს, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან ერთი წინადადება, სად წერია, რომ მათი გადმოსახედიდან "გერმანული მოდელი" შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას", - ამბობს ოხანაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ ეუთოში "გერმანული მოდელი" გააგზავნეს, მაგრამ, როგორც ოხანაშვილი განმარტავს, მათ "დამახინჯებული" გერმანული მოდელი გააგზავნეს, ავღანური საარჩევნო სისტემის ელემენტებით, - "ამიტომ თამამად შემიძლია დავაანონსო, რომ დღეიდან დაიწყო ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების პოლიტიკური პანაშვიდი", - ამბობს ოხანაშვილი.

ეუთო-ოდირის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შემუშავებული საქართველოს კონსტიტუციასთან ადაპტირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი".

ეს სწორედ ისაა, რასაც ოპოზიცია ამბობდა, რომ ე.წ გერმანული მოდელის მისაღებად საჭიროა არა საკონსტიტუციო შესწორება, არამედ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა. 

საარჩევნო რეფორმაზე ე.წ გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი ოპოზიციამ ეუთოს ომბუდსმენის მეშვეობით დეკემბერში გაუგზავნა.

საქართველოში ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა ავტორიტეტული კონსტიტუციონალისტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციას სრულად შეესაბამება. 

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსასვლელად მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქართულმა ოცნებამ გავრილოვის ღამის შემდეგ დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას გულისხმობდა. 

კომენტარები