ქუთაისის აეროპორტი

თურნავა: ქუთაისის აეროპორტი დაუკავშირდება კოპიტნარის რკინიგზის სადგურს

0 კომენტარი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობამ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც ქუთაისის აეროპორტს რკინიგზა დაუკავშირდება.

პროექტის მიხედვით, აღდგება აეროპორტიდან დაახლოებით 1.5 კილომეტრით დაშორებული სარკინიგზო სადგური, რომელიც აეროპორტთან სპეციალური შატლებით იქნება დაკავშირებული. მოხდება აეროპორტისა და რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც.

"ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპლუატაციაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვეპარალელებინა ეს პროექტები." - ამბობს ნათია თურნავა.

ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის სადგური ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გახსნილიყო. ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორი წლის წინ აცხადებდა, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო.

საქართველოს მთავრობის მაშინდელი ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში უნდა გაჩერებულიყო.

გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 3 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დროის ათვლის დაფაც კი ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა იყო მითითებული.

2019 წლის ივლისში კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალი სადგური აღარ აშენდებოდა და მთავრობა ძველის რეაბილიტაციას მოახდენდა, რომელიც აეროპორტიდან ორი კილომეტრითაა დაშორებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები