აშშ-ის სანქციები

მოლდოველი ოლიგარქის შემდეგ აშშ-მა სანქციები ბულგარელ მოსამართლესაც დაუწესა

Getty Images

მოლდოველი ოლიგარქის, ვლად პლახოტნიუკის შემდეგ, აშშ-მა ამჯერად სანქციები ბულგარელ მოსამართლეს, ანდონ მიტალოვს, დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გაავრცელა. 

"მნიშვნელოვან კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობისთვის დღეს მე სანქციებს ვუწესებ ბულგარელ მოსამართლეს, ანტონ მიტალოვს. ეს ბულგარეთში პირველი მსგავსი გადაწყვეტილებაა და ძლიერი გზავნილია, რომ აშშ მყარად დგას თავის პირობაზე, კორუფციასთან ბრძოლაში ბულგარელი ხალხის გვერდით იდგეს,"- წერს პომპეო Twitter-ზე. 

სახელმწიფო მდივნის ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიტალოვის მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებში ძირს უთხრიდა კანონის უზენაესობასა და საფრთხეს უქმნიდა ბულგარეთში დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. იმავე განცხადების მიხედვით, მიტალოვის ცოლს, კორნელია სტოიკოვა-მიტალოვასა, და მის შვილს, გერგანა მიტალოვას, ასევე მიენიჭათ "სპეციალური სტატუსი", რომელიც მათ აშშ-ში შესვლას უკრძალავს. 

ამერიკული მედიის ცნობით, მიტალოვმა ბულგარეთს გარეთ მაშინ მიიქცია ყურადღება, როდესაც ყოფილ დეპუტატს, ნიკოლაი მალინოვს, რომელსაც რუსეთისთვის ჯაშუშობაში ედება ბრალი, მოსკოვში ვიზიტის უფლება მისცა, სადაც მან პირადად ვლადიმირ პუტინისგან მიიღო ჯილდო. 

13 იანვარს აშშ-მა სანქცირებულთა სიაში მოლდოვას ყოფილი არაფორმალური მმართველი ვლადიმირ პლახოტნიუკი შეიყვანა. პლახოტნიუკის შესახებ სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

კომენტარები