აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

ჩინეთმა აშშ-იდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები გაანახევრა

Getty Images

ჩინეთი აშშ-იდან იმპორტირებული 75 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დაწესებული ტარიფები გაანახევრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ცვლილება შევა 2019 წლის პირველ სექტემბერს მიღებულ დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საქონელზე დამატებითი 10 და 5 პროცენტიანი ტარიფები დაწესდა. ახალი დადგენილების მიხედვით, ეს ტარიფები განახევრდება. 

ცვლილება ძალაში პეკინის დროით 13:00 საათზე შევიდა. სავაჭრო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის 2018 წელს დაიწყო. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებითი ტარიფები დააწესა. ნაბიჯს სარკისებურად უპასუხა პეკინმაც. აშშ-ში ამბობდნენ, რომ ჩინეთი მათი ღია ბაზრით უსამართლოდ სარგებლობს და საპირისპიროდ თამაშის წესებს არ იცავს, რაც საბოლოოდ ამერიკელ მწარმოებლებს აზარალებდა. 

ამის გარდა, აშშ ჩინეთს ტექნოლოგიების ქურდობაში და საავტარო უფლებების უგულებელყოფაში ადანაშაულებდა. ამ დროიდან მოყოლებული აშშ-მა ტარიფები რამდენჯერმე გაზარდა, ყველა შემთხვევაში ჩინეთის პასუხი სარკისებური იყო. 

ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში მხარეებმა შუალედურ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. გარიგებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთი მომავალ ორ წელში აშშ-ისგან 200 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს, ხელი 15 იანვარს მოაწერეს. 

ამის შემდეგ, ტარიფების ზრდა ორივე მხარემ შეწყვიტა. დონალდ ტრამპის თქმით, მოლაპარაკებათა შემდეგი ეტაპის მთავარი მიზანია, უარი ათქმევინონ ჩინეთს ტექნოლოგიების ქურდობასა და სავალუტო მაქინაციებზე.

კომენტარები