მდინარაძე შოთაძის წარდგენაზე: აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, გამორჩეულად კვალიფიციურია

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საპროკურორო საბჭოს მიერ პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ირაკლი შოთაძის დასახელება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, შოთაძე წარდგენილ კანდიდატებს შორის გამორჩეულად კვალიფიციურია. 

"მოულოდნელი რომ არის შოთაძის წარდგენა ამას ვერ ვიტყოდით, არაადეკვატურები და მატყუარები ვიქნებოდით. აბსოლუტურად მოსალოდნელია, იმიტომ რომ შოთაძე კანდიდატებში არის ერთერთი გამორჩეულად კვალიფიციური, ღირსეული ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ღირსეული ნაბიჯი გადადგა, როცა ამის საჭიროება დადგა და კითხვისნიშნები გაჩნდა და რომელმაც საკმაოდ კარგი რეფორმები გაატარა პროკურატურაში და მე სხვებისგან განსხვავებით კიდევ უფრო კარგად ვიცი, შოთაძე რამდენად კარგი პროკურორია"- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

საბჭომ დღეს, 6 თებერვალს გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატი შეარჩია, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც. შოთაძემ 12 წევრიდან 10-ის ხმა მიიღო. პროკურორობის კანდიდატად ასევე დასახელდნენ ვალერიან ვაჭარიძე, დარიკო დორთია და სოფიო შენგელია.

საპროკურორო საბჭო სწორედ ამ 4 კანდიდატიდან შეარჩევს ერთს, რომელსაც შემდეგ იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. მმართველი გუნდი ირაკლი შოთაძის მხარდაჭერას გეგმავს. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დავით სარალიძის მკვლელი არ გამოიკვეთა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მიერ დარღვევების მთელი რიგი გამოავლინა.

შოთაძე თანამდებობიდან 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

კომენტარები