კრიტიკული წერილები

თალაკვაძე: ამერიკელ კოლეგებს დავარწმუნებთ, რომ დემოკრატიის გაძლიერებას ვაგრძელებთ

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრები აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში აქვს დაგეგმილი - მმართველი გუნდი კრიტიკული წერილების ავტორი სენატორებისა და კონგრესმენებისთვის "ზუსტი ინფორმაციის" მიწოდებას აპირებს. ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ "ოპოზიციის მხრიდან შეცდომაში შეყვანილ" საერთაშორისო პარტნიორებს "პირდაპირი კომუნიკაციით" საპირისპიროში დაარწმუნებენ და "შესაბამის შედეგს" მიიღებენ.

"ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. მათ გავაცნობთ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ. ცალსახად ფაქტია, რომ კონგრესმენებს ჩვენგან სჭირდებათ პასუხები, მეტი ინფორმაცია და ჩვენ ამ პასუხებით ვართ აქ ჩამოსული" - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნების მიზანია, დროულად დახუროს ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დისკუსიის საგნად და დროულად დაიწყოს არჩევნებისთვის მომზადება.

"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და აუცილებლად შევასრულებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ, მიუხედავად იმისა, თუ რა შეთანხმება შედგება არჩევნების მოდელთან დაკავშირებით ჩვენსა და ოპოზიციას შორის“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, ქართული ოცნების დელეგაცია გააცნობს კონგრესის წევრებს, რა გადაწყვეტილებებს სთავაზობენ ოპოზიციას და საზოგადოებას. სავარაუდოდ, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლების შემუშავებულ საარჩევნო მოდელს გულისხმობს, რაც მაჟორიტარების 50-მდე შემცირებას გულისხმობს და რასაც ოპოზიცია არ თანხმდება.

"ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, თავისი საარჩევნო კომპანია ჩაატაროს ვაშინგტონში, მაშინ, როდესაც საზოგადოების და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს საქართველოში. ეს ფაქტია. იკვეთება, რომ ისინი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე ცდილობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიიღონ ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არასოდეს არ აკეთებს და არ ერევა სარჩევნო საკითხებში. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება და საქართველო თავის კურსს, რომ გააძლიეროს დემოკრატია, არასოდეს ზურგს არ შეაქცევს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაციამდე, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფებოდა. ის კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა. დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრისგან საქართველოში ვითარების შეცვლაზე გარანტიები მიიღეს.

-------------------------

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ პირველი წერილი გიორგი გახარიამ კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების, ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლისგან, მიიღო. წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამდნენ, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ, თავზარდამცემია.

19 იანვარს გახარიას წერილით მიმართა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, და მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერდა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, კინზინგერისა და კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

მალინის წერილს მალევე, 21 იანვარს კიდევ ერთი წერილი დაემატა, რომელსაც ხელს აწერდნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამდნენ დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

25 იანვარს ენმ-მ გახარიას მიმართ მიწერილი კიდევ ერთი წერილი გაასაჯაროვა, რომელიც 19 დეკემბრითაა დათარიღებული. წერილის ავტორი ამჯერად ჰელსინკის კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი იყო. წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაში თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

30 იანვარს საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან მორიგი წერილი გამოუგზავნეს. ამჯერად წერილის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი იყვნენ, სადაც ისინი წერდნენ, რომ თუკი პროცესები საქართველოში ასე გაგრძელდება, "ამერიკა შეიძლება, იძულებული გახდეს, საქართველოსთან პარტნირობას გადახედოს". 

ტეხასელ კონგრესმენს პიტერ ოლსონს მართალია გახარიასთვის წერილი არ მიუწერია, თუმცა მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ "ქართველი ხალხი კორუმპირებულ მთავრობაზე უკეთესს იმსახურებს".

28 იანვარს კი კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სატელევიზიო შოუს პერსონაჟს გრაუჩი ოსკარს შეადარა და მას ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა.

31 იანვარს საქართველოში მიმდინარე პროცესს კონგრესმენი უილ ჰარდიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის მოხარულია იმ ფაქტით, რომ "თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს", რომლებიც ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმის მიღებას ითხოვენ, აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

კომენტარები