ირკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება

კალაძე ოპოზიციის მხრიდან შოთაძის კრიტიკაზე: რას ერჩიან შოთაძეს?

instagram.com/kakhakaladze/

"რას ერჩიან შოთაძეს?" - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის შესახებ. 

"მსგავს განცხადებებს ჩვენ ვისმენთ ნებისმიერ შემთხვევაში. ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება, ოპოზიცია ყოველთვის კრიტიკულია. ყოველთვის რაღაც აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ და არც ეს შემთხვევა არის გამონაკლისი",-თქვა კალაძემ.

დღეს, 8 თებერვალს, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს. კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ირაკლი შოთაძეა. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნებას "საზოგადოების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას" უწოდებს. ოთარ კახიძის თქმით, გენპროკურორობის კანდიდატს არა საპროკურორო საბჭო, არამედ ბიძინა ივანიშვილი ირჩევს

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურის პარლამენტში წარმოდგენის შემთხვევაში მის მხარდაჭერას გეგმავს.

შოთაძესთან ერთად, პროკურორობის კანდიდატად ასევე დასახელდნენ ვალერიან ვაჭარიძე, დარიკო დორთია და სოფიო შენგელია. 

საპროკურორო საბჭო სწორედ ამ 4 კანდიდატიდან შეარჩევს ერთს, რომელსაც შემდეგ იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე.

თუ საქართველოს მთავრობა მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას არ განაცხადებს, იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.

თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დავით სარალიძის მკვლელი არ გამოიკვეთა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მიერ დარღვევების მთელი რიგი გამოავლინა.

შოთაძე თანამდებობიდან 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

მისი მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება ციანიდის საქმე, ასევე აფგან მუხთარლის გატაცება - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში დააკავეს. ბაქოს სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით მუხთარლიმ თქვა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა ადვოკატებთან ერთად მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმის გამოძიებას მთავარ პროკურატურას უშედეგოდ სთხოვდა.

საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას შოთაძემ ისიც დაადასტურა, რომ მთავარი პროკურორობის დროს ბიძინა ივანიშვილის სასახლეში მის ვანო ჩხარტიშვილთან და მამუკა ხაზარაძესთან მის შეხვედრას დაესწრო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.

კომენტარები