ავთანდილ წერეთელი

კლინიკა: ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება

0 კომენტარი

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კლინიკის გენერალური დირექტორის თქმით, უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება. 

ავთანდილ წერეთელი კლინიკასი 6 თებერვალს, საღამოს გადაიყვანეს. ის შვილმა, ვატო წერეთელმა, სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვა. 

"ბატონი ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ანალიზებში,"- ამბობს კლინიკა "ჰელსიკორის" გენერალური დირექტორი რუსუდან ლაგვილავა.

კლინიკის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან დიდი სტრესის შედეგია. 

წერეთელი, რომელსაც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის, მამაა. 

ვატო წერეთელი სწორედ ტელეკომპანიას უკავშირებს ხელისუფლების მიერ მამის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავას. 

"ჩემს ოჯახს ცხოვრებაშივე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი,"- ამბობს ვატო წერეთელი.

მისივე თქმით, გუშინ გადარჩნენ, თუმცა ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა მხოლოდ მასა და მის ოჯახს არ ეხება. 

"ამ ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან პირდაპირ მე. აბა, რისთვის უნდა ხდებოდეს 70 წლის კაცის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება?" - ამბობს ვატო წერეთელი. 

ავთანდილ წერეთლის მიმართ საქმის წარმოებას ტელეკომპანია პირველის მაუწყებლობას უკავშირებს არხის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლიაც. გრიგოლია ცნობილ ფრაზას იხსენებს მუქარის წერილიდან, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, მისივე მტკიცებით პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. 

"ხომ არავის დაგავიწყდათ ცნობილი ფრაზა "გადავიდეს TV პირველი TV იმედის ტრენდზე". აქედან უკვე ყველაფრის პასუხი გვაქვს მიღებული. არ გადავა TV პირველი TV იმედის ტრენდზე,"- ამბობს ინგა გრიგოლია. 

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები