ევროკავშირის ანგარიში

ბოკერია: ევროკავშირის ანგარიშში დიპლომატიურ ენაზე, თუმცა ამომწურავადაა საუბარი პრობლემებზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში დიპლომატიურ ენაზე, მაგრამ ამომწურავადაა საუბარი პრობლემების უდიდეს ნაწილზე. 

"დაწყებული სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი გამოწვევითა და იმით, თუ როგორი პრობლემლური იყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი და როგორ იყო უგულებელყოფილი რეკომენდაციები, როგორ მიმდინარეობს ახალი მედიების მეპატრონეების დევნა; გავრილოვის ღამე და გადაჭარბებული ძალის გამოყენება და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული პირობის ჩავარდნა.

იმდენი პრობლემა იყო, რა თქმა უნდა, ყველა ნახსენები ვერ იქნება," - ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის შეფასებით, ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თუმცა, მისივე განმარტებით, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით დემოკრატიას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, 2020 წელი საკვანძო და გარდამტეხი იქნება და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორედ ეს გზავნილი უნდა მიიღონ და გაიგონ საქართველოს ყველა მეგობრისგან და გონს მოეგონ. 

"ამიტომ, ეს ინსტინქტი, რომ რაღაც ჩრდილო-კორეულ სტილში, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ატყუებდნენ მოსახლეობას, არ წაგვიგიაო, რადგან მატჩი არ აჩვენეს, ასე ამ ანგარიშზე იმის თქმა, რომ "ყველაფერი კარგადაა"... საქართველოს მიესალმებიან და, ბუნებრივია, მხარს უჭერენ და ამბობენ, კარგი ხალხი ხართო, მაგრამ ამ დიპლომატიური ნაწილის წინ გამოტანა და იმის არხსენება, რამდენ პრობლემაზეა გამახვილებული ყურადღება, სამარცხვინო ამბავია და არ შველის არაფერს. 

პირიქით, სიმპტომია იმისა, თუ როგორ ღრმა კრიზისშია ივანიშვილი და მისი გარემოცვა,"- ამბობს ბოკერია. 

ევროკავშირმა 7 თებერვალს "საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ" მე-4 ანგარიში გამოქვეყნა. სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში საუბარია გავრილოვის ღამეზე და მმართველი გუნდის მიერ დადებული პირობის არშესრულებაზე, რამაც "პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვია". 

ანგარიშში საუბარია უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეების შერჩევის პროცესზე და აღნიშნულია, რომ ამ პროცესმა მთლიანობაში "სათანადო გამჭვირვალობა და დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო". 

ამასთან, ევროკავშირი წერს, რომ "არსებითია, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში". 

კომენტარები