საქართველოს სამ მოქალაქეს ჩინეთიდან 9 თებერვალს დააბრუნებენ

cloudfront.net

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, ქვეყანაში 9 თებერვალს დაბრუნდება. 

"ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან საქართველოში მათ ტრანსპორტირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" უზრუნველყოფს",-წერია განცხადებაში. 

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით 638 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 634 კონტინენტურ ჩინეთში, 1 ჰონგ-კონგში და 1 ფილიპინებში. გამოვლენილია დაავადების 31 523 შემთხვევა, მათ შორის, 100-ზე მეტი შემთხვევა კონტინენტური ჩინეთს გარეთ. ამჟამინდელი ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 749 ადამიანი.

კომენტარები