სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტი: ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილს შეფერხებით და სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები შეისწავლა, რაც ჯამში 25 301.8 ლარს შეადგენდა. 

აუდიტის შედეგად, გამოვლიდან, რომ ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობის პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ბოლომდე ეფექტიანი შედეგის მიღება ვერ უზრუნველყო.

"პროექტების დაგეგმვის, შესრულების, კონტროლის ეტაპები არ უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას ხარისხიანად, დროულად და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად,"- ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში. 

ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება შეფერხებით ხდება და "დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით". აუდიტის სამსახურის დასკვნით, პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია. 

ამასთან, ანგარიშით, მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელების დროს დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის დარღვევით მიანიჭა და ხელშეკრულება მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან გააფორმა, რითიც სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. 

სხვა მიგნებები აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით: 

  • მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.
  • მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული დამატებით საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და მიზანშეწონილია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება.
  • საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
  • მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა, მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში.
  • საბიუჯეტო პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტი არ იცავდა საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ხარვეზები გამოვლინდა როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ეტაპზე.
  • მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია. შედეგად, გაზრდილია რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
  • ა(ა)იპ-ებში მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები ზოგიერთ შემთხვევაში დუბლირებულია, ხოლო ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის განსაზღვრული. დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად გაზრდილია რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად მაღალია. 
  • ა(ა)იპ-ების დაფინანსების პროცესში მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ადმინისტრაციულმა/საოპერაციო ხარჯებმა კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმას გადააჭარბა.
  • შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდას.

კომენტარები