ქველმოქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში

2018 წელს ამერიკელებმა ქველმოქმედებისთვის 427.71 მილიარდი აშშ დოლარი გაიღეს

Flickr

2018 წელს ამერიკელებმა, ამერიკულმა ფონდებმა, კორპორაციებმა და მემკვიდრეობის დამტოვებლებმა ქველმოქმედებისთვის ჯამში 427.71 მილიარდი აშშ დოლარი გაიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ფონდი Giving USA ავრცელებს.

წინა, 2017 წელთან შედარებით, როდესაც ეს რაოდენობა 424.74 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2018 წელს საქველმოქმედო შემოწირულობა 0.7%-ით გაიზარდა.

"მას შემდეგ, რაც 2017 წელს რეკორდულ დონეს მივაღწიეთ, ამერიკელებმა და ამერიკულმა ორგანიზაციებმა საქველმოქმედო ინსტიტუტებისადმი თავიანთი დიდსულოვანი მხარდაჭერა 2018 წელსაც განაგრძეს," - თქვა ფონდის ხელმძღვანელმა რიკ დუნჰამმა.

მისი თქმით, შემოწირულობის გაცემისთვის 2018 წელი სხვა წლებთან შედარებით ბევრად რთული იყო საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებისა და საფონდო ბირჟის არასტაბილურობის გამო, განსაკუთრებით კონკრეტული პირებისთვის, რომელთა წილი მთელი შემოწირულობის 2/3 არის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ-ს ეკონომიკა 2018 წელს შედარებით ძლიერი იყო. პირადი შემოსავალი 5%-ით გაიზარდა, მთლიანი შიდა პროდუქტი კი 5.2%-ით. 

2018 წელს ფონდებმა რეკორდული რაოდენობის შემოწირულობა გაიღეს, რაც მთლიანი შემოწირულობის 18%-ს შეადგენს - 75.86 მილიარდი აშშ დოლარი.

კერძო პირების მიერ გაღებული შემოწირულობა წინა წელთან შედარებით, როდესაც ეს წილი 70% იყო, შემცირდა, თუმცა კერძო პირებს შემოწირულობებში ყველაზე დიდი 68%-იანი წილი უკავიათ, ჯამში 292.09 მილიარდი აშშ დოლარი.

მემკვიდროებების წილი ჯამში 39.71 მილიარდი აშშ დოლარია, კორპორაციებისთვის კი ეს რიცხვი 20.05 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

შემოწირულობის მიმღებებს რაც შეეხებათ, რელიგიური დაწესებულებებისთვის შემოწირულობები 2018 წელს 1.5%-ით შემცირდა, თუმცა მოქალაქეები ყველაზე დიდი რაოდენობის შემოწირულობას სწორედ ამ ორგანიზაციებისთვის იღებენ - 124.52 მილიარდი აშშ დოლარი.

განათლებაში თანხის გაღება 1.3%-ით შემცირდა, მაგრამ რელიგიური ორგანიზაციების შემდეგ შემოწირულობების ყველაზე დიდი წილს ამერიკელები განათლებისთვის იღებენ - 58.72 მილიარდი აშშ დოლარი.

მომსახურეობის სფეროსთვის ამერიკელებმა 51.54 მილიარდი აშშ დოლარი გაიღეს. ფონდებისთვის შემოწირულობების გაცემა 6.9%-ით შემცირდა და 2018 წელს ეს რაოდენობა 50.29 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 

სამკურნალო დაწესებულებებში ქველმოქმედება ოდნავ გაიზარდა და 2018 წელს 40.78 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საზოგადოებისთვის სასარგებლო ორგანიზაციებისთვის ამერიკის მოქალაქეებმა 31.21 მილიარდი აშშ დოლარი გაიღეს.

ხელოვნების კულტურის და ჰუმანიტარულ სფეროებისთვის შემოწირულობის გაღება წინა წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა და ჯამში 2018 წელს 19.49 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო ურთიერთობებისთვის თანხის გაცემა 9.6%-ით გაიზარდა - 22. 88 მილიარდი აშშ დოლარი. ასევე 3.6%-ით გაიზარდა გარემოსა და ცხოველთა ორგანიზაციებისთვის გაღებული შემოწირულობების რაოდენობა - 12.70 მილიარდი აშშ დოლარი.

რაც შეეხება კერძო პირებისთვის გაღებულ ფინანსურ დახმარებას, 2018 წელს ეს 9.06 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

კომენტარები