მარნეულელი აქტივისტის დაკავება

"უნდათ, ჩემს მაგალითზე დააშინონ სხვები" - რას ყვება აქტივისტი მარნეულიდან, რომელიც დააკავეს

ტვ პირველი

რაშან ზიადალიევი, აქტივისტი, რომელიც მარნეულში ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნებისთვის" რეგიონული წარმომადგენელია, ტვ პირველთან საუბარში ყვება, რომ პოლიციამ ის 8 თებერვალს სუპერმაკეტიდან გამოსვლის შემდეგ დააკავა, მას შემდეგ, რაც მისთვის ფოტოს გადაღება გააპროტესტა. ზიადალიევი მომხდარს მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირებს.

აქტივისტი პოლიციის განყოფილებიდან იმავე ღამეს გაათავისუფლეს, თუმცა სამართალდამცველები მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რაც სასჯელის ზომად 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი 10 თებერვალს, ქალაქ რუსთავში გაიმართება.

როგორც აქტივისტი ყვება, საღამოს 9 საათზე, ერთერთი სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიციის მანქანამ გააჩერა და მისთვის ფოტოების გადაღებას მანქანიდავე ცდილობდნენ - კომუნიკაციის და თავის წარდგენის, ან მიზეზის დასახელების გარეშე. 

"ფოტოების გადაღებაზე ჩემი უარის შემდეგ გადმოვიდნენ მანქანიდან, ვითხოვდი, თავი წარედგინათ, რადგან სამოქალაქო ფორმაში იყვენენ. ვუთხარი, რომ მიზეზის დასახელების შემდეგ წარვუდგენდი პირადობის მოწმობას. არც მიზეზი მითხრა და არც თავი წარადგინა. ამის შემდეგ გადავიღე პოლიციის ნომერი, შემდეგ დაიწყო იძულებითი გაყვანა სამმართველოში," - ყვება აქტივისტი.

ზიადალიევისვე თქმით, სამმართველოში ერთერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ სუპერმარკეტში მის გვერდით იმყოფებოდა. ზიადალიევი ფიქრობს, რომ პოლიცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფრომირებული იყო და დაკავებაც ორგანიზებულად მოხდა.

აქტივისტი ამბობს, რომ ის 2018 და 2019 წლებში არჩევნებზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლად მუშაობდა და აქტიურად აღრიცხავდა სამართალდარღვევებს. ის იხსენებს ოთხი დღის წინანდელ საპროტესტო აქციასაც მარნეულის თვითმმართველობასთან, სადაც ქალაქის ბიუჯეტის “გარდაცვალება გააპროტესტეს”. 

ზიადალიევის თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში მუქარებს ინტენსიურად იღებს, მისი და სხვა აქტივისტების ხელისუფლების მხარეს გადაბირების მიზნით. 5 დეკემბერს მისი ახლო ნათესავის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა:

"მარნეულში გააქტიურდა სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები და უნდათ, რომ ჩემს მაგალითზე დააშინონ სხვები," - ამბობს ის.

სასამართლო პროცესს "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგელნებიც დაესწრებიან და დააკვირდებიან. 

 

კომენტარები