გიორგი რურუას საქმე

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ გიორგი რურუას საკნიდან დნმ ძალით ამოიღეს და ოქმი არ შედგა

გიორგი რურუა
მთავარი არხი

მთავარმა არხმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გამოძიებას გიორგი რურუას საკნიდან დნმ-ის ნიმუში ძალის გამოყენებით ამოიღო. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში არ ჩანს, რომ გამომძიებლები ოქმს ავსევენ, რაც რურუას ადვოკატის თქმით, ადასტურებს, რომ გამოძიებამ კანონი დაარღვია.

"ამ კადრებში ჩანს, რომ ოქმი საერთოდ არ დგება - არანაირი დოკუმენტი არ დგება, არც გიორგის არ წარედგინა ეს ლუქები, არც შეეთავაზა მათზე ხელმოწერა და არც ოქმის ასლი არ გადაუციათ გიორგის. აქამდე ჩვენ ვამტკიცებდით, რომ 18 ნოემბერს, გიორგის დაკავების დღეს, გააყალბეს პირადი ჩხრეკის ოქმი და ასეთი ოქმი ადგილზე არ შედგენილა იმიტომ, რომ ასეთი ჩხრეკა არ მომხდარა და პოლიციის შენობაში მოხდა ოქმის შევსება. აქამდე ეს პოზიცია დასტურდებოდა მხოლოდ ლოგიკური არგუმენტებით. ახლა გვაქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სხვა შემთხვევაში, 3 იანვარს პოლიციამ გააკეთა ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრეტენზიას გამოვთქვამდით", - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსგან აღებული ჰქონდა ნებართვა, რომ თუკი ბრალდებული კვლავ უარს განაცხადებდა მისგან გამომძიებლების მიერ დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, მოცემული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდებოდა იძულების წესით.

რურუა, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა. 

31 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომლის არგუმენტსაც რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე გავლენის მოხდენა ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკი წარმოადგენდა. 

რურუას ადვოკატი კი ამბობდა, რომ დაკავების დროს მას არც მიმალვა უცდია და არც მოწმეებზე ზემოქმედება. 

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, გიორგი რურუა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან იყო დაკავშირებული და მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. 

კომენტარები