გიგი უგულავას საქმე

უზენაესი სასამართლო უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაცვის მხარის ცნობით, უზენაესი სასამართლო თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს. 

ადვოკატი ბექა ბასილაიას თქმით, მათ აქვთ ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, უკვე მიიღო პირველი პოლიტიკური დავალება და გადაწყვეტილებას უგულავას წინააღმდეგ გამოიტანს. 

ტაბულა დაუკავშირდა უზენაეს სასამართლოს, სადაც არ გვპასუხობენ კითხვაზე, რომელ საათზე გამოცხადდება გადაწყვეტილება. სასამართლოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 

გიგი უგულავა ამბობს, რომ თუ ივანიშვილს სურს ის პოლიტიკურ ვაჭრობაში ჩართოს, მას იმედს გაუცრუებს - არანაირ ბრალს არ აღიარებს, არც ვაჭრობაში შევა და არც საპროცესო შეთანხმებას დათანხმდება.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკსაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 

იურისტები ტაბულასთან საუბარში განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ნამდვილად აყენებს მოსამართლე თადუმაძის მიუკერძოებლობას ეჭვის ქვეშ. 

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. 

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა ოპოზიციის მწვავე პროტესტისა და აქცია-პიკეტების ფონზე განახლდა.

კომენტარები