აშშ

Facebook-მა და Twitter-მა პელოსის თხოვნა ტრამპის გამოქვეყნებული ვიდეოს აღებაზე არ დააკმაყოფილეს

Facebook-მა და Twitter-მა უარი თქვეს შეესრულებინათ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თხოვნა და საკუთარი პლატფორმებიდან აეღოთ დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო. ვიდეოში წარწერით "ნენსი პელოსი ხევს ძლიერ ამერიკულ ისტორიებს" მოყვანილია კადრები კონგრესში ტრამპის ყოველწლიური გამოსვლიდან, თუმცა არა ქორონოლოგიურად. ვიდეოში ამოჭრილია ტრამპის მიერ მოყოლილი ისტორიები ამერიკელების გმირობის შესახებ და შემდეგ ჩანს, როგორ ხევს მისი გამოსვლის ტექსტს ნენსი პელოსი. მან ფურცლები ტრამპის გამოსვლის დარსულების შემდეგ დახია.

 

პელოსის შტაბის უფროსს მიაჩნია, რომ ვიდეოს მიზანია შეცდომაში შეიყვანოს ამერიკელები და სოციალური მედიის კომპანიები თხოვნაზე უარის გამო გააკრიტიკა.

Facebook-მა საკუთარ პლატფორმებზე ყალბ ვიდეოებთან, ე.წ. deepfake-ებთან ბრძოლა დაიწყეს, თუმცა Facebook-ში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ვიდეოს გაყალბებასთან არ გვაქვს საქმე.

"უკაცრავად, რას გულისხმობთ, რომ ტრამპს ეს არ უთქვამს, თუ სპიკერს მისი გამოსვლა არ დაუხევია?" ამბობს მედიასთან საუბარში კომპანიის სპიკერი ენდი სტოუნი.

მიუხედავად იმისა, რომ Twitter-მა შემოიღო ახალი წესი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ხელოვნურად შექმნილი, მანიპულირებული მასალის გავრცელება, რათა მომხმარებლებმა შეძლონ ავთენტური ინფორმაციის და კონტექსტის გაგება, ის ძალაში მხოლოდ 5 მარტიდან შედის. კომპანიაში ამ შემთხვევაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ტრამპის კამპანიის სპიკერმა კი თქვა, რომ ვიდეო ცალსახად პაროდიაა და თუ ნენსი პელოსის ეშინოდა მისი იმიჯის ამგვარად წარმოჩენის, გამოსვლის ტექსტი არ უნდა დაეხია.

კონგრესში ტრამპის ყოველწლიურ გამოსვლაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები