არჩევნები 2020

135/15-ზე ან 125/25-ზე - ოპოზიციამ "ოცნებას" შესაძლოა მანდატების ასე განაწილება შესთავაზოს

შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

135 მანდატი - პროპორციული სიით, 15 მანდატი - მაჟორიტარული წესით - ოპოზიციამ შესაძლოა მმართველ გუნდს მანდატების სწორედ ასე განაწილების ვარიანტი შესთავაზოს.

ოპოზიციური პარტიების შეკრება დღეს, 10 თებერვალს 15:00 საათზე, ლეიბორსტული პარტიის ოფისში გაიმართება.

ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის თქმით, 130/20-ზე თუ 135/15-ზე ან მსგავსი კონფიგურაციები აქტიურად განიხილება.

"ოპოზიცია გაერთიანებული ვართ ფუძემდებლური პრინციპის გარშემო, ეს არის პროპორციული წარმომადგენლობა, ანუ რა მხარდაჭერაც ექნება პოლიტიკურ ძალას, იმის შესაბამისი რაოდენობა უნდა ჰყავდეს დეპუტატების პარლამენტში. მმართველი გუნდი გვთავაზობს ისეთ წინადადებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით მოიპოვოს უმრავლესობა პარტიამ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 10 - დან 7 ადამიანი როცა მხარს არ უჭერს პოლიტიკურ ძალას, მან მართოს ქვეყანა, რაც არის მიუღებელი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამზადებთ კომპრომისულ წინადადებებს, ერთ-ერთი იყო ე.წ გერმანული მოდელი და ეს შეთავაზება კვლავ ძალაშია. ასევე შევთავაზებთ სხვა ვარიანტებსაც, ოღონდ ამ პრინციპის გათვალისწინებით, რომ ახლოს მაინც უნდა იყოს პოლიტიკური ძალა იმ მანდატთან, რომელიც ქვეყნის მართვის უფლებას იძლევა, ეს შეიძლება იყოს 45-50%-თან ახლოს მყოფი მხარდაჭერა. ამიტომ 130/20- ზე თუ 135/15-ზე ან მსგავსი კონფიგურაციები არის აქტიურ განხილვის ფაზაში ოპოზიციაში და დანარჩენს საზოგადოება გაიგებს შეხვედრის მერე", - თქვა კახიძემ.

მმართველი გუნდის წევრებისთვის ეს წინადადება ჯერჯერობით მიუღებელია, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მე-5 რაუნდზე იქნება მიღებული.

შეხვედრის მე-4 რაუნდზე, 2019 წლის 20 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებას მანდატების 100/50-ზე განაწილების ვარიანტი შესთავაზა, ანუ, მათი ინიციატივით, პარლამენტის 100 მანდატი პროპორციული სიით უნდა შეივსოს, 50 კი - მაჟორიტარული სიით. არსებული სისტემით, 77 მანდატი პროპორციული სიით ივსება, 73 - კი მაჟორიტარული წესით.

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელსაც სთავაზობს, თუმცა, ხელისუფლება მასზე არაკონსტიტუციურობის მოტივით უარს ამბობს.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, რასაც მწვავე საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები