გიგი უგულავას საქმე

ჯაფარიძე: აბსურდული ვითარებაა, როცა ერთი ადამიანი ასე ფლობს პროკურატურას და სასამართლოს

ლელოს ერთერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, შესაძლოა, გიგი უგულავას საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სპექტაკლი გაითამაშოს. მან აღნიშნა, რომ ვითარება აბსურდულია და ოპოზიციონერი ლიდერების დევნა გრძელდება. გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.

"რა გეგმები აქვს, არ ვიცი, შეიძლება, იყოს გათამაშებული სპექტაკლი, უნდა ვნახოთ. არსებობს ერთი დირიჟორი, რომელიც დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით - დადგას სპექტაკლები, ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს, გამოიყენოს პროკურატურა, გამოიყენოს სასამართლო და სამწუხაროდ, დღეს სრულიად აბსურდული ვითარებაა, როცა ერთი ადამიანი ასე ფლობს პროკურატურას და სასამართლოს. ამიტომ, რა შედეგი დადგება დღეს, ძნელი სათქმელია, ცხადია, რომ ოპოზიციური ლიდერების დევნა გრძელდება" - თქვა ჯაფარიძემ.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაცვის მხარის ცნობით, უზენაესი სასამართლო თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მათ აქვთ ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, უკვე მიიღო პირველი პოლიტიკური დავალება და გადაწყვეტილებას უგულავას წინააღმდეგ გამოიტანს. 

ტაბულა დაუკავშირდა უზენაეს სასამართლოს, სადაც არ გვპასუხობენ კითხვაზე, რომელ საათზე გამოცხადდება გადაწყვეტილება. სასამართლოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკსაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 

იურისტები ტაბულასთან საუბარში განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ნამდვილად აყენებს მოსამართლე თადუმაძის მიუკერძოებლობას ეჭვის ქვეშ. 

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. 

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა ოპოზიციის მწვავე პროტესტისა და აქცია-პიკეტების ფონზე განახლდა.

კომენტარები