გერმანია

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ლიდერის პოსტს ტოვებს

DW

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, რომელმაც 2018 წელს ანგელა მერკელის შემდეგ გერმანიის მმართველი პარტიის, ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ლიდერის პოსტი დაიკავა, გამოაცხადა, რომ გერმანიის ფედერალურ არჩევნებზე კანცლერის პოსტზე კენჭს არ იყრის და აპირებს პარტიის ლიდერის პოსტიც დატოვოს.

ამის შესახებ გერმანული მედია წერს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აღმოსავლეთ გერმანიაში მერკელის პარტიის დელეგატებმა პარტიის სათაო ოფისის მიერ დაწესებული აკრძალვა დაარღვიეს და ულტრა-მემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიასთან (AfD) თანამშრომლობა დაიწყეს.

პარტიის თიურინგიის ფრთის წარმომადგენლებმა AfD-სთან ერთად მხარი დაუჭირეს მემარცხენე პარტია Die Linke წარმომადგენლის, მხარის პრემიერის ბოდო რამელოვის გადაყენებას. შემთხვევას ანგელა მერკელი გამოეხმაურა და თანაპარტიელები გააკრიტიკა. მან "უპატიებელი: უწოდა დემოკრატიული პარტიის თანამშრომლობას AfD-სთან უმრავლესობის მოპოვების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გასული წლის ივლისიდან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტიც შეითავსა, მისი ავტორიტეტი პარტიის შიგნით ამ უკანასკნელი ინციდენტის და მერკელის ჩარევის გამო ეჭვქვეშ დადგა. გარდა ამისა, პარტიის თიურინგიის ფრთამ ასევე უგულებელყო მისი მოთხოვნა ადგილობრივი პარლამენტს დაშლის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. სწორედ პარტიის შიგნით სხვადასხვა ელემენტების ამგვარი პოზიციით ახსნა კრამპ-კარენბაუერმა მისი განცხადება გადადგომის თაობაზე. ლიდერის პოსტის დატოვების მიუხედავად ის აპირებს დარჩეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

კომენტარები