არჩევნები 2020

ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო, სადაც საარჩევნო სისტემაზე იმსჯელებენ (ვიდეო)

ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა დაიწყო, სადაც კვლავ საარჩევნო სისტემაზე იმსჯელებენ.

"ჩვენ ვართ მოქნილები, ოღონდ, არა საზოგადოების ინტერესების ხარჯზე. ნებისმიერ გამარჯვებულ, პირველ ადგილზე გასულ პარტიას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მესამედზე ნაკლებით უმრავლესობა მოიპოვოს ან ნახევრით - საკონსტიტუციო უმრავლესობა. პარტიას უნდა ჰქონდეს არსებითი მხარდაჭერა, არსებითი უპირატესობა, რომ ჰქონდეს შანსი უმრავლესობის მოპოვების. ეს როგორ გამოიხატება ციფრებში, ამაზე ვიმსჯელებთ და მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ" - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, შეხვედრის დაწყების წინ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნებს ვერც ერთი საარჩევნო სისტემით ვერ მოიგებს.

ოპოზიციამ შესაძლოა მმართველ გუნდს მანდატების 135/15-ზე ან 125/25-ზე განაწილება შესთავაზოს. მმართველი გუნდის წევრებისთვის ეს ჯერჯერობით მიუღებელია, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მე-5 რაუნდზე მიიღებენ.

შეხვედრის მე-4 რაუნდზე, 2019 წლის 20 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებას მანდატების 100/50-ზე განაწილების ვარიანტი შესთავაზა, ანუ, მათი ინიციატივით, პარლამენტის 100 მანდატი პროპორციული სიით უნდა შეივსოს, 50 კი - მაჟორიტარული სიით. არსებული სისტემით, 77 მანდატი პროპორციული სიით ივსება, 73 - კი მაჟორიტარული წესით.

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელსაც სთავაზობს, თუმცა, ხელისუფლება მასზე არაკონსტიტუციურობის მოტივით უარს ამბობს.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, რასაც მწვავე საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები