ენმ

მელია: ვფიქრობ, სააკაშვილმა თქვა, რომ მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ დრო დასჭირდება

მთავარი

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას აზრით, სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილზე საუბრისას იგულისხმა ის, რომ მას შემდეგ, რაც ექსპრემიერი საპატიმროს დატოვებს, ოჯახთან ურთიერთობისთვის დრო დასჭირდება.

მიხეილ სააკაშვილმა 9 თებერვალს მთავარ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ "რომ არა ვანოს შეცდომები და სისტემის გადაცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა".

ჟურნალისტებმა მელიას კითხეს, სააკაშვილმა მთლიანად მერაბიშვილს დააკისრა თუ არა წინა ხელისუფლების შეცდომებსა და ივანიშვილის მიერ ხელისუფლების "ხელში ჩაგდებაზე" პასუხისმგებლობა.

"მე ვფიქრობ, სააკაშვილმა სხვა რამ იგულისხმა. ნებისმიერ არჩევნებში გამარჯვება არის მთელი პოლიტიკური პარტიის, გუნდის დამსახურება, ნებისმიერ არჩევნებში დამარცხებაც არის მთელი გუნდის პასუხისმგებლობა. ამიტომ იმის თქმა, ცალკეული ადამიანების პასუხისმგებლობა ან ბრალეულობა დამარცხება, არ არის სწორი. დარწმუნებული ვარ, ამას არც მიხეილ სააკაშვილი გულისხმობდა, სააკაშვილმა, ჩემი აზრით, თქვა, რომ მერაბიშვილს რაღაც დრო დასჭირდება ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დასჭირდება ოჯახთან ურთიერთობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის, აკლიმატიზაცია. თუ არ ვცდები და მე მგონი, არ ვცდები, ეს თქვა სააკაშვილმა.",- -თქვა მელიამ.

ენმ-ის წევრისვე განცხადებით, დაბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი პარტიაში, არ იცის, ვინაიდან ამ საკითხზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

"ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვებს 20 თებერვალს და თავად გააკეთებს განცხადებას. ამ წუთის მდგომარეობით მასთან არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ინფორმაციას არ ვფლობთ. ვერავინ ვერავის აუკრძალავს პოლიტიკაში ყოვნა-არყოფნას", - ამბობს მელია.

ქსპრემიერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს. დაპატიმრებამდე ის ენმ-ის გენერალური მდივანი იყო. 2017 წელს მერაბიშვილმა ეს პოსტი თავისი ნებით დატოვა, რის შემდეგაც პარტიამ აღნიშნული თანამდებობა საერთოდ გააუქმა.

კომენტარები