არჩევნები 2020

ვაშაძე ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ: განვიხილეთ, რა შეიძლება, შემოგვთავაზონ შუამავლებმა

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრაზე განიხილეს ის შესაძლო ვარიანტები, რაც შეიძლება შუამავლებმა შესთავაზონ ოპოზიციას.

თავიდან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიგა ბოკერიამ, რომლის განცხადებითაც ოპოზიცია თანხმდება საერთო პრინციპზე:

"ვთავაზობთ მყარ პრინციპს - არსებითი უპირატესობა უნდა ჰქონდეს პარტიას, 40%-ზე არსებითად მაღლა უნდა იყოს მისი მხარდაჭერა და უნდა მოიგოს მაჟორიტარების დიდი ნაწილი, ამ შემთხვევაში ექნება შანსი უმრავლესობის ჩამოყალიბების."

აქამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შეიძლებოდა, ხელისუფლებისთვის შეეთავაზებინა მანდატების 135/15-ზე ან 125/25-ზე გადანაწილება.

ვაშაძის თქმით, საუბარი იყო ზოგად პრინციპზე და არა კონკრეტულ ციფრებზე.

"კონკრეტული რიცხვები არ განგვიხილია," - ამბობს ვაშაძე

მისი განცხადებით, ოპოზიცია დაელოდება შუამავლების პოზიციას და იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ კომპრომისული შეთავაზება, ისინი მზად იქნებიან განსახილველად.

"ფასილიტატორებთან მივალთ, თუ მათ აქვთ კონკრეტული შემოთავაზება, ამ შემოთავაზებას მოვისმენთ.

ფასილიტატორებისგან თუ იქნება კომპრომისული იდეები, თუ გვეტყვიან, რომ კარგი იქნება, ჩავებათ ამ დისკუსიაში, რომ აუცილებლად, 2024-ში ჩატარდება პროპორციული სისსტემით, მზად ვართ, ამის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ."- ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების მე-4 რაუნდზე, 2019 წლის 20 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებას მანდატების 100/50-ზე განაწილების ვარიანტი შესთავაზა, ანუ, მათი ინიციატივით, პარლამენტის 100 მანდატი პროპორციული სიით უნდა შეივსოს, 50 კი - მაჟორიტარული სიით. არსებული სისტემით, 77 მანდატი პროპორციული სიით ივსება, 73 - კი მაჟორიტარული წესით.

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელსაც სთავაზობს, თუმცა, ხელისუფლება მასზე არაკონსტიტუციურობის მოტივით უარს ამბობს.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, რასაც მწვავე საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები