გიგი უგულავას დაკავება

ნათელაშვილი: ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში ოპოზიციის შეკრების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ჟურნალისტებთან პარტია ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავასთვის 3-წლიანი პატიმრობის მისჯაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამის გამო ოპოზიცია მთავრობასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და სახალხო დაუმორჩილებლობისათვის ემზადება:

"პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები. მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი ბატონი გიგი უგულავა და ის ემზადება ახლა რეჟიმის ციხეში წასასვლელად. ეს არის მთელ ქვეყანაზე, მთელ საზოგადოებაზე, მთელ დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება პირდაპირი გაგებით. მთელი ზნეობრივი, დემოკრატიული, ადამიანური, ისტორიული ტრადიციების ფეხებზე დაკიდება. ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული და სისხლიანი დიქტატორები კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით და რომელიც ვართ საქართველოს ოპოზიცია, სრულიად პოლიტიკური სპექტრი, არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიანი ივანიშვილი რეჟიმთან, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე. ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო, სადაც არ იქნებიან მის მიერ დაქირავებული ყალბ დიპლომიანი იურისტები და მოსამართლეები. ეს სამსჯავრო მას ძალიან მალე მიაკითხავს საკუთარ სასახლეში."

ნათელაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიცია იწყებს კონსულტაციებს საპროტესტო აქციების ორგანიზებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით:

"ვიწყებთ კონსულტაციების და მზადებას დიდი სახალხო ქუჩის ტალღის აგორებისათვის მთელ საქართველოში. ემზადოს რეჟიმი იმისათვის, რომ მას უახლოვდება ხალხის მრისხანება, სამსჯავრო, სამართალი და პოლიტიკიდან საბოლოო გასტუმრება. ყველაფერს ამას მათ თვითონ დღესაც კიდევ ერთხელ მოაწერეს ხელი, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება ოპოზიციური ლიდერის მორიგ დაპატიმრებაზე." თქვა მან ჟურნალისტებთან.

დღეს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

კომენტარები