გიგი უგულავას დაკავება

ბაქრაძე: "ოცნებამ" უგულავას დაკავებით მოლაპარაკებების რესურსი დაასრულა

ტვ პირველი

ევროპული საქარველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ გიგი უგულავასთვის დამატებით 3 წლის მისჯით დაასრულა მოლაპარაკებების რესურსი, ამიტომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.

"ამ ვითარებაში ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება - დღეიდან, გიგი უგულავასთვის მისჯის მომენტიდან წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება. დასრულებულია. ჩვენ გვქონდა ჩვენი კომპრომისული ვარიანტებიც, გვქონდა შეთავაზებებიც, დასრულებულია ეს ყველაფერი", - თქვა მან.

სამომავლო გეგმებზე ოპოზიცია ხვალ, 11 თებერვალს იმსჯელებს.

ბაქრაძე ამბობს, რომ ის, რაც დღეს მოხდა, ნიშნავს კიდევ ერთ სამარცხვინო პრეცედენტს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუტები, სასამართლო და სამართალი.

"დღეს გიგი უგულავას პროკურორმა შალვა თადუმაძემ მიუსაჯა პატიმრობა. უწიგნურმა და უდიპლომო შალვა თადუმაძემ, რომელმა, როგორც პროკურორმა, საჩივარი გააგზავნა უზენაესში და როგორც უზენაესის მოსამართლე დახვდა საკუთარ საჩივარს. მიუსაჯა უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც იმის ვაჟკაცობაც არ ეყო, ბოლო და გამამართლებელი სიტყვის უფლება მაინც მიეცა, ისე მიუსაჯეს ადამიანს სასჯელი.

უგულავას მიუსაჯეს მოსამართლეებმა, რომლებსაც იმის პროფესიული სინდისიც არ ეყოთ, ადვოკატისთვის მაინც მიეცათ მისვლის და საუბრის საშუალება. დღეს გიგი უგულავას მიუსაჯა იმ სასამართლომ, რომელმაც დაარღვია ყველანაირი პრეცედენტი და გვითხრა, რომ თუ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, ნებისმიერ წარსულ საქმეზე, წარსულ პრობლემაზე, მიუხედავად იმისა, მოხდილი გაქვთ თუ არა სასჯელი, ხელახლა მოგისჯით და გაგიშვებთ ციხეში. ეს არის უკანონობა, რომელიც დღეს განხორციელდა უზენაესი სასამართლოს ხელით", - თქვა ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ განაჩენი, რომელიც დღეს გიგი უგულავას მიმართ დადგა, ხელისუფლების მიმართ განაჩენია.

____________________________________________________________________________

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები 15:00 საათიდან მსჯელობდნენ. ისინი ქართული ოცნებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტს განიხილავდნენ. ოპოზიცია მსჯელობდა, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკებების მე-5 რაუნდზე საპარლამენტო მანდატების შემდეგნაირად გადანაწილებას შესთავაზებდა - 135 მანდატი პროპორციული წესით, 15 - მაჟორიტარულით. ან 130 პროპორციულით, 20 - მაჟორიტარულით.

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი თვის ბოლოს უნდა გამართულიყო.

მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო რასაც მწვავე საპროტესტო აქციები მოჰყვა.

გიგი უგულავას კი დღეს, 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმისთვის, რომელზეც სასჯელი მან ერთხელ უკვე მოიხადა -პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები