გიგი უგულავა

ეკა გიგაური უგულავას დაკავებაზე: ფაქტიურად, ეს არის დასავლელი პარტნიორების დაცინვა

ტაბულა

"საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველო"-ს დირექტორი, ეკა გიგაური, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ეკა გიგაურის თქმით, მაშინ როდესაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას აკრიტიკებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებითვის, საუბრობენ პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, მათთვის ასეთი პასუხის გაცემა დაცინვაა და მიუღებელია.

"ჩემთვის პირადად ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, როდესაც მთელი დასავლეთი, ანუ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები აკრიტიკებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - იქნება ეს სხვადასხვა რეფორმა თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ასევე ისინი საუბრობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე და როდესაც ასეთი რამე ხდებოდა და ასეთ რაღაცებს აჟღერებდნენ, ჩვენი მთავრობა საპასუხოდ აკეთებს რას? საპასუხოდ აი, ამ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი.

ძალიან ეთიკურად, რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რას ფიქრობენ და ეს, ფაქტიურად, არის დაცინვა. ასე არ ექცევი და ასეთი რეაქციები არ გაქვს იმ პარტნიორის განცხადებებზე, რომელიც გეხმარება, რომელიც ცდილობს დაგაახლოვოს NATO-სთან და ევროკავშირთან და რომელიც ეხმარება შენს ეკონომიკას განვითარებაში და ძალიან ბევრ დახმარების პროექტებს ახორციელებს. ასეთი პასუხი, რა თქმა უნდა არის არაადეკვატური და დაცინვა, არ შეიძლება ასე ექცეოდე საკუთარ პარტნიორებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაქციები", - თქვა ეკა გიგაურმა.

დღეს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგი უგულავას, ე.წ. ფონდის საქმეზე 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გიგი უგულავა, დაახლოებით 10 საათისთვის, თავად მივიდა ორთაჭალის შინაგანა საქმეთა სამინისტროში, საიდანაც მას ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანენ.

---

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები