გიგი უგულავას დაკავება

ბასილაია: უგულავა ციხეში ბევრად თავისუფალია, ვიდრე ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები

ტაბულა

"მატროსოვის ციხეში ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე სოროში დამალული, ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები" - ასე ეხმაურება ბექა ბასილაია, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატი, მის დაკავებას. 

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. 

ბასილაიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"დარწმუნებული ვარ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის სახელს დაარქმევს იმ უმსგავსობას, რასაც გიგი უგულავას დღევანდელი განაჩენი ჰქვია",-უთხრა ბასილაიამ მთავარს. 

გიგი უგულავა დასაპატიმრებლად ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა, საიდანაც ის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. 

უგულავას პატიმრობაში დაბრუნებას სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურნენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში წერს, რომ "დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია". 

"სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არაა" - წერს კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

კომენტარები