გიგი უგულავას დაკავება

ელისაშვილი უგულავასთვის პატიმრობის მისჯაზე: ეს არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობა

თეორემა/ტაბულა

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება. ელისაშვილის თქმით, "რაც უგულავას თავს ხდება, არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობა".

"ყველაზე მეტად წლების განმავლობაში სწორედ გიგი უგულავასთან ვიყავი დაპირისპირებული. მისი კრიტიკა შეწყვეტილი მქონდა მხოლოდ მისი ციხეში ყოფნის დროს. ამის მიუხედავად ერთი და იგივე დანაშაულზე ადამიანის რამდენჯერმე ციხეში ჩასმა არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და მეტი არაფერი",-წერს ელისაშვილი. 

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.  

გიგი უგულავა დასაპატიმრებლად ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა, საიდანაც ის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. 

უგულავას პატიმრობაში დაბრუნებას სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურნენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში წერს, რომ "დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია". 

"სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არაა" - წერს კონგრესმენი ადამ კინზინგერი. 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უგულავას დაპატიმრებას საარჩევნო წელთან კავშირი არ აქვს და "არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზება".

უგულავას დაპატიმრების გამო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეწყვიტა.

კომენტარები