გიგი უგულავას დაკავება

კვირიკაშვილი უგულავაზე: მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაა

გიორგი კვირიკაშვილი
ქართული ოცნება

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საქართველოს გენერალური მდივანის, გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება. კვირიკაშვილის თქმით, უგულავას დაპატიმრება მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაა.    

კვირიკაშვილი წერს, რომ უგულავას დაპატიმრებას წინ საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული დაპირების დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა უძღვოდა, რაც, მისი თქმით, მსგავსი მსჯელობის საფუძველს იძლევა.

"ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია - როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად - აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია",-წერსკვირიკაშვილი.

კვირიკაშვილი წერს, რომ ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი მისთვის მიუღებელია, თუმცა უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით "ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი".

"ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე. მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება",-წერს კვირიკაშვილი. 

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.  

გიგი უგულავა დასაპატიმრებლად ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა, საიდანაც ის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. 

უგულავას პატიმრობაში დაბრუნებას სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურნენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში წერს, რომ "დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია".   

"სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არაა" - წერს კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უგულავას დაპატიმრებას საარჩევნო წელთან კავშირი არ აქვს და "არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზება".

უგულავას დაპატიმრების გამო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეწყვიტა.

კომენტარები