არჩევნები 2020

ვაშაძე: იქნება აქციებიც, მიტინგებიც, მსვლელობებიც, ამ ხელისუფლებას სხვა არაფრის ეშინია

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა იწყება, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ. ოპოზიციური პარტიები საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდებიან.

"ჩვენ ერთდროულად ორი პროცესი გვჭირდება. ერთია საპროტესტო ტალღა და მეორე - შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებზე, რომ კონკურენტი არ ჰყავდეს ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ეს თითქმის მიღწეულია თბილისში, ბოლო შტრიხები დარჩა და შემდეგ გადავალთ დანარჩენ მაჟორიტარულ ოლქებზე" - ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე.

კითხვაზე, განსხვავებების გამო მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას, ვაშაძე პასუხობს - "აუცილებლად მოვახერხებთ კი არა, თითქმის მოვახერხეთ".

ამასთან, ენმ-ის წევრის თქმით, პარალელურად იქნება აქციები.

"ყველაფერი იქნება - პიკეტირებაც, აქციებიც, მიტინგებიც, მსვლელობებიც, იქნება ყველაფერი, რადგან ამ ხელისუფლებას სხვა არაფრის ეშინია" - თქვა ვაშაძემ.

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები გიგი უგულავას დაპატიმრების გამო შეწყვიტა.

გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმისთვის, რომელზეც სასჯელი მან ერთხელ უკვე მოიხადა - პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

კომენტარები