გიგი უგულავას საქმე

ომბუდსმენი უგულავას საქმეზე: სამართლიანია ეჭვები შალვა თადუმაძის ობიექტურობის შესახებ

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გიგი უგულავას დაპატიმრება იმ საფრთხეების მატერიალიზაციაა, რომლის გამოც ომბუდსმენი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები მოსამართლე შალვა თადუმაძის მიუკერძოებლობის საკითხთან დაკავშირებით. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქმეში, სადაც მსგავსი შინაარსის, კერძოდ, მოსამართლის დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები იკვეთებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა უკვე დაადგინა.

"შალვა თადუმაძე ამ საქმეზე სასამართლოში პროკურორად არ გამოდიოდა პირადად, თუმცა ეს ვერ გამოდგება არსებული კონტექსტის უგულებელსაყოფად - საქართველოს პროკურატურაში დადგენილია მკაცრად ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა, სადაც ყველა ქვემდგომი პროკურორი ვალდებულია, ზემდგომი პროკურორის მითითება შეასრულოს, ხოლო პროკურატურის ყველა თანამშრომელი გენერალურ პროკურორს ემორჩილება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მოსამართლის პირადი დამოკიდებულება და ქცევა უნდა ქმნიდეს საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის განცდას. მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს" - აცხადებს სახალხო დამცველი და განმარტავს, რომ ევროპულ სასამართლოს უკვე აქვს დადგენილი დარღვევა ისეთ საქმეში, სადაც პირი ერთი მხარის წინააღმდეგ ორ საქმეში მონაწილეობდა - პირველ შემთხვევაში გამოდიოდა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის როლში, ხოლო მოგვიანებით, სხვა საქმეში იმავე პირის მიმართ მოსამართლის ფუნქციები შეითავსა.

"ნათელია, რომ საქმის განხილვის დროს მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ იმავე საქმის მოსამართლის ამპლუაში განხილვა სამართლიანად აჩენს ეჭვებს მისი ობიექტურობის შესახებ.

სწორედ მსგავსი რისკების არიდებისკენ იყო მიმართული სახალხო დამცველის ძალისხმევა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, რაც ეუთო/ოდირისთვის მიმართვაში, პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსვლაში, პროცესზე სრულ მონიტორინგსა და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაში გამოიხატა" - აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ყურადღებით დააკვირდება გიგი უგულავას საქმის შემდგომ მსვლელობას და მანდატის ფარგლებში, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებებს.

"გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობის, ისე - კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუკი აღნიშნული საქმის შემდგომი განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება, მას უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ კონკრეტულად გიგი უგულავას საქმის, არამედ მთლიანად, ქართული მართლმსაჯულებისთვის" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

კომენტარები