გიგი უგულავას საქმე

NGO-ები: უგულავას დაპატიმრება ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

ტაბულა

12 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაპატიმრება "ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება". NGO-ები აღნიშნავენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე თვალსაზრისით არის პრობლემური - ეს არის საქმეზე არსებული დარღვევები, დასავლელი პარტნიორების განცხადებების იგნორირება და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ჩაშლა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს - ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტონ ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება, ხელი შეუწყონ პოლიტიკური კრიზისის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტასა და პარტიული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად მოსახლეობის და ქვეყნის განვითარების ინტერესები დაისახონ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმართული საქმე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. მათი შეფასებით, საქმეში "ივანიშვილის ყოფილი პირადი ავოკატის", შალვა თადუმაძის მონაწილეობა პრობლემურია და გამოტანილი განაჩენის მიმართ უნდობლობას აჩენს.

"თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე პროკურატურამ გიგი უგულავას ბრალი 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინა. საქმე მნიშვნელოვანი დარღვევით წარიმართა, რამაც წარმოშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მის ერთადერთ მიზანს ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორება წარმოადგენდა. გიგი უგულავა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მაშინ როდესაც იგი ოპოზიციური პარტიის სააარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში დაუსაბუთებლად და კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით 9 თვეზე მეტი ხანი დაჰყო. 

აღსანიშნავია, რომ საბოლოო განაჩენის გამომტანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან, ორი სწორედ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად არის შერჩეული. ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა. ცხადია, მისი მონაწილეობა პრობლემურია და გამოტანილი განაჩენის მიმართ უნდობლობას აჩენს.

იმ ფონზე, როდესაც გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება 7 წლის წინ დაიწყო, ხოლო  პარალელურად სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე ოპოზიური პარტიის ლიდერის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა ოპონენტების წინააღმდეგ ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენება.   

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ დროში გაწელილმა გამოძიებამ და სასამართლო პროცესებმა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკის სახე მიიღო. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ მეთოდს საკუთარ ოპონენტებზე არაპირდაპირი ზეწოლის მიზნით, ეფექტიანად იყენებს. გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაც შესაძლოა ერთგვარი გზავნილი იყოს სხვა ოპოზიციური ლიდერების მიმართ" - ნათქვამია განცხადებაში.  

მეორე პრობლემური საკითხი, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, დასავლელი პარტნიორების განცხადებების იგნორირებაა.

"ბოლო პერიოდში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე. საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულვებელყო ქვეყნის ინტერესები და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები. ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები ცალსახად ტოვებს ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილებას და ის სულ უფრო და უფრო შორდება პოლიტიკურ რაციონალურობას, რითიც მოსახლეობაში ნიჰილიზმისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ზრდის" - აცხადებს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია და კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით უარი თქვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე

"მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ზოგადი კონტექსტისა და მოახლოებული საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებაც. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზიდან გამოსვლის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება, ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების გაგრძელების სურვილზე არ მიუთითებს. მსგავსი  გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ვითარების რადიკალიზებას და ამცირებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსს.

აღნიშნული ვითარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზირებულების საკითხს. უზენაეს სასამართლოში გასული წლის მიწურულს განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ საქმეზე მიღებული განაჩენი ადასტურებს მართლმსაჯულების სისტემაზე ხელისუფლების გავლენას და  შერჩევითი სამართლის ტენდენციებს. პროკურატურისა და სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიკერძოებულობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კიდევ უფრო ამცირებს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის მიმართ და უარყოფითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე" - წერია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს რეფორმების ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საზოგადოება და ბანკები, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ადამიანის უფლებათა ცენტრი, ღია საზოგადოების ფონდი და მედიის განვითარების ფონდი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა. 6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები