აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ნიუ ჰემფშირის დემოკრატიულ პრაიმერში კვლავ ბერნი სანდერსი და პიტ ბუტიჯეჯი ლიდერობენ

0 კომენტარი
პიტ ბუტიჯეჯი და ბერნი სანდერსი ფოტო: GettyImages

ნიუ ჰემფშირში დემოკრატიული პარტიის რიგით მეორე პრაიმერი გაიმართა პრეზიდენტის პოსტზე წამოსაყენებელი კანდიდატის შესარჩევად. კანდიდატებს ხმა 280,000-მდე დემოკრატმა ამომრჩეველმა მისცა.

ამ დროისათვის დათვლილია ხმების 97%, აქედან 25.7% ვერმონტის სენატორმა, მემარცხენე ბერნი სანდერსმა მიიღო, ხოლო 24.4% ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის ყოფილმა მერმა პიტ ბუტიჯეჯმა, შესაბამისად მათ 9-9 დელეგატის მოპოვება შეძლეს. დელეგატები მათ ივლისში დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე წარმოადგენენ, სადაც საბოლოოდ აირჩევა თუ ვინ იქნება დონალდ ტრამპის კონკურენტი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტისათვის ბრძოლაში.

ამჯერად მესამე ადგილზე მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი გავიდა 19.8%-ით და 6 დელეგატით. მეოთხე ადგილს იკავებს მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი 9.3%-ით, ხოლო მეხუთეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 8.4%-ით. მათ ნიუ ჰემფშირში დელეგატების მოპოვება ვერ შეძლეს.

ნიუ ჰემფშირის პრაიმერის შემდეგ კანდიდატურა მოხსნეს ენდრიუ იენგმა და კოლორადოს სენატორმა მაიკლ ბენეტმა. ნიუ ჰემფშირის პრაიმერში არ ჩართულა მილიარდერი ბიზნესმენი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი. მან გასულ კვირას აიოვას პრაიმერიც გამოტოვა.

აიოვაში პირველი და მეორე ადგილი ასევე პიტ ბუტიჯეჯმა და ბერნი სანდერსმა გადაინაწილეს. ბუტიჯეჯმა ხმათა 26.2% და 13 დელეგატი მოიპოვა, სანდერსმა 26.1% და 12 დელეგატი. მესამე ადგილზე ელიზაბეტ უორენი გავიდა 8 დელეგატით, მეოთხეზე კი ჯო ბაიდენი 6 დელეგატით. აიოვაში ხმის დათვლის პროცესი ტექნიკური ხარვეზების გამო რამდენიმე დღით შეფერხდა. მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია ნიუ ჰემფშირში.

ბერნი სანდერსმა გამოაცხადა, რომ ეს დონალდ ტრამპის დასასრულის დასაწყისია და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა პიტ ბუტიჯეჯმაც და პოლიტიკაში პოლარიზაციის საფრთხის შესახებ ისაუბრა.

პარალელურად ნიუ ჰემფშირში გაიმართა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიც, რომელშიც ხმათა 85.9% და 22-დან 20 დელეგატის მხარდაჭერა მოქმედა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოიპოვა.

ტრამპი დემოკრატიული პარტიის პრაიმერს საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა. მან ბუტიჯეჯის გვარი განზრახ არასწორად დაწერა და თქვა, რომ მისი კამპანია კარგად მიდის და შეშლილ ბერნის ფულისთვის სირბილი მოუწევს:

"ცრუ მედია ძალიან ცდილობს იპოვოს დემოკრატების დიდი ისტორია, მაგრამ აქ ღირსშესანიშნავი არაფერი ხდება. უფრო დიდი ამბავი არ იქნებოდა ის, რომ მე უფრო მეტი ხმა მივიღე ნიუ ჰემფშირის პრაიმერში, ვიდრე ნებისმიერმა მოქმედმა პრეზიდენტმა ოდესმე, ორივე პარტიაში, ამ დიდებული შტატის ისტორიაში? აღსანიშნავი ფაქტი არაა!" წერს ის.

შემდეგი პრაიმერი 22 თებერვალს ნევადას შტატში ჩატარდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები