სირია

იდლიბში თურქეთის არმიის შეტევისას 51 სირიელი ჯარისკაცი მოკვდა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში თურქეთის არმიამ 51 სირიელი ჯარისკაცი მოკლა.

ამავდროულად, განადგურებულია ასადის არმიის ორი ტანკი, იარაღის საწყობი და საზენიტო დანადგარი, კიდევ ერთი ტანკი თურქული არმიის ტყვეობაშია. წინა დღეებში თურქეთის თავდაცვის სამინისტროში ორი განადგურებული სირიული ვერტმფრენის შესახებ განაცხადეს. 

ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც თებერვლის დასაწყისში სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბის მიმართულებით ახალი მასირებული შეტევები განახორციელეს. ასადის არმიის მოქმედებებს, თებერვლის დასაწყისში 5 თურქი ჯარისკაცი შეეწირა. 

შემთხვევის შემდეგ, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკების მკვლელობა სირიის რეჟიმს ძალიან ძვირი დაუჯდება. თავის მხრივ, სირიის მთავრობამ გამოთქვა გააგრძელოს შეტევები იდლიბის მიმართულებით და თურქეთი სირიის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. 

იდლიბი, რომელიც სირიის ჩრდილო-დასავლეთში თურქეთის მოსაზღვრე რაიონში მდებარეობს. პროვინცია ბოლო რეგიონია ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელსაც სამთავრობო არმია ვერ აკონტროლებს. იდლიბი აჯანყებულების ბოლო ანკლავია. 

სირიისა და რუსეთის ცნობით, იდლიბის ამჟამად ისლამისტი ტერორისტები აკონტროლებენ. თურქეთში კი ამბობენ, რომ იდლიბში ბაშარ ასადის დამოუკიდებელი ოპოზიციაა ბაზირებული.

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. 

შეთანხმების მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იდლიბს ამ დროისთვის ტერორისტები აკონტროლებენ, ხოლო აქ არსებულმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომელთაც მხარს თურქეთი უჭერს უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა ტერორისტებთან. 

ვითარება სირიაში გასული წლის სექტემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" მიზანი თურქეთთან მომიჯნავე ტერიტორიებიდან ქურთული შეიარაღებული ფორმირებების განდევნა იყო, რომელთაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.  

22 ოქტომბერს სოჭში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი ოპერაციის დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ. დეესკალაციის ზონებად იდლიბის პროვინცია და ალეპო გამოცხადდა.

კომენტარები