ამერიკელი კონგრესმენების წერილი

გაჩეჩილაძე წერილებზე: არის დემოკრატია, კარგია, თუ დასავლელი მეგობრები რეალურად შეაფასებენ

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრი, გია გაჩეჩილაძე, კიდევ ერთ კრიტიკურ წერილს ეხმაურება, რომელიც პრემიერმინისტრმა გახარიამ კონგრესმენ ვებერისგან მიიღო. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და "კარგი იქნება, თუ ამას რეალურად შეაფასებენ დასავლელი მეგობრები."

"როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დემოკრატია საქართველოში, როდესაც ამდენი ტელევიზიაა, ამდენი კამერა, რასაც უნდა ყველა ლააპარაკობს ტელევიზიით, რასაც უნდა, იმას აკეთებს. ასეთი რამ ხომ არ იყო ამ ქვეყანაში, არა?"-ამბობს გაჩეჩილაძე.

გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ვებერი ტეხასელი კონგრესმენია, ამიტომ, მისივე თქმით, კრიტიკა "ფრონტერას" ინტერესს უკავშირდება, რადგან, "რესურსი არის წარმოდგენილი ტეხასის შტატიდან და ბუნებრივია, რომ ტეხასის კონგრესმენი იცავს მის პოზიციებს". 

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი კიდევ ერთმა კონგრესმენმა, რენდი ვებერმა გამოუგზავნა.  

რენდი ვებერი წერილში წერს, რომ ის უერთდება თავის კოლეგებს კონგრესში და თავადაც შეშფოთებულია პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შეუსრულებლობით, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებითა და ოპონენტების პოლიტიკური დევნით. 

წერილში ტექსასელი კონგრესმენი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ საქართველოს უკუსვლა აქვს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეკონომიკის განვითარებაში და მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი (Georgia Support Act) სხვა ღირებულებების მხარდაჭერის გამო მიიღო.

კომენტარები