ევროპული საქართველო

გიგა ბოკერია: გიგი უგულავას არაფერი აქვს შესაწყალებელი

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, პარტია არ აპირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, შეწყალების თხოვნით მიმართოს. 

ტვ პირველის ეთერში საუბრისას წამყვანმა ბოკერიას პარტიის ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის, განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა, განიხილება, თუ არა პარტიის მიერ პრეზიდენტისთვის უგულავას შეწყალების თხოვნა. 

"არაფერი არ უთხოვია დათო ბაქრაძეს, გიგი არაფერი შესაწყალებელი უგულავას არ აქვს. ასე საკითხი არ დავსვათ, რომ უგულავას ციხეში ყოფნაშია მხოლოდ საქმე. ივანიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებაშია საქმე. მას არ უნდა ვითარების ნორმალიზება, რადგან ნორმალურ ვითარებაში მას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და არ ესმის, რომ არანორმალურ პირობებში კიდევ უფრო მწარედ დამარცხდება და ზიანს აყენებს ქვეყანას,"- ამბობს ბოკერია. 

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი თქვეს. 12 თებერვალს ზურაბიშვილის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს დაუკავშირდება, რათა განიხილოს, თუ რა შეიძლება გააკეთოს პრეზიდენტმა დიალოგის განახლებისთვის. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "თუ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი - ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება". ბაქრაძის თქმითვე, თუკი პრეზიდენტი ამას არ აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ თავი უნდა დაანებოს "პოლიტიკურ კეკლუცობას, ფარისევლობასა და მოწოდებებს". 

კომენტარები