გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: პოლიტიკური პროცესის ლოკომოტივს ვხედავ ოპოზიციურ გაერთიანებაში

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან მისთვის უცხო პარტიები არიან შეკრებილები, რომლებთან ალიანსიც მას არასდროს ჰქონია, თუმცა, ახლა ზეპარტიული მიზანია მისაღწევი - "საქართველო არ შეიძლება გახდეს პროვინციული დიქტატურა".

"პოლიტიკური პროცესის ლოკომოტივს ვხედავ იმ მრგვალ მაგიდაში, იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში და არაფერი, რასაც მე გავაკეთებ, არ იქნება იმ გზის შემასუსტებელი ან იმ გზიდან, ასე ვთქვათ, ამოგლეჯილი. დღეს ის არის პოლიტიკური პროცესის ცენტრი, ის უნდა შენარჩუნდეს და იმის გაძლიერებაა ჩემი მიზანი.

თუ ვის ვესაუბრები, როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალში გეტყვით. არ მინდა, რომ მანამ ვთქვა, სანამ არ გავივლი კონსულტაციებს ჩემს მეგობრებთან.

სიცხადის წერტილები თუ გვინდა, სიცხადის წერტილები არის ის, რომ ქართული, დემოკრატიული განვითარება მე მიმაჩნია, რომ გადასარჩენია. ეს ერთი და მეორე - ამ ეტაპზე, საქართველოს პოლიტიკურ პროცესში არსებობს პრიორიტეტული, ოპოზიციური მრგვალი მაგიდა და ეს მიმართულებაა გასაძლიერებელი. ასე ვთქვათ, ჩემთვის უცხო პერსონაჟები არიან იმ მაგიდასთან, რომელთანაც პოლიტიკური ალიანსი არასდროს არ მქონია, მაგრამ ახლა ზეპოლიტიკური მიზანია მისაღწევი, საქართველოს არ შეიძლება გავხადოთ პროვინციული დიქტატურა", - თქვა მარგველაშვილმა.

ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია, რომელიც საქართველოში აქტიურობს, გაერთიანებულია, რათა ქართულმა ოცნებამ ძალაუფლება დაკარგოს. პარტიებმა თანამშრომლობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრილოვის ღამის შემდეგ 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას 4-ჯერ შეხვდნენ. შეთანხება არ შედგა. თუმცა, ისინი შეხვედრის მე-5 რაუნდისთვის ემზადებოდნენ და ხელისუფლებისთვის კომპრომისული წინადადების შეთავაზებას გეგმავდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, პარტიებმა თქვეს, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა. ოპოზიცია ახლა გეგმავს, რეგიონებში მოსახლეობას შეხვდეს, საარჩევნო ოლქებში საერთო კანდიდატები წარადგინონ, 4 აპრილს კი თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.

კომენტარები