არჩევნები 2020

ოხანაშვილი: უგულავას განაჩენი ოპოზიციას აწყობს, მმართველი გუნდისთვის საზიანოდ მოქმედებს

0 კომენტარი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განაჩენი პოლიტიკურად ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას აზიანებს და ის მოლაპარაკებების დასატოვებლად ოპოზიციამ გამოიყენა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს ითვალისწინებს და მოლაპარაკების მაგიდასთან ამიტომ ზის. 

"თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა, რათა მათ გამოიყენონ ეს ყველფერი საბაბად, დიალოგის მაგიდიდან წასვლისთვის. თუკი ვინმეს საწინააღმდეგოდ და ეს გადაწყვეტილება ამ კონტექსტში პოლიტიკურად საზიანოდ მოქმედებს, ეს არის სწორედ მმართველი გუნდი"- ამბობს ანრი ოხანაშვილი

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ შეწყვიტა. 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა იმ საქმეზე, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს - სწორედ ეს წერია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების დასკვნაში. 

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის სარჩელი განსახილველად საპროტესტო ტალღის ფონზე მიიღო, სადაც გიგი უგულავა ერთერთი წამყვანი ფიგურა იყო. 

გუშინ, 11 თებერვალს, აშშ-ის საელჩომ იმედგაცრუება გამოთქვა გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს ცნობით, "დიალოგი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას მოითხოვს". 

უგულავასთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "საქმის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას".

იმაზე, რომ ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებას გეგმავდა, ისიც მოწმობს, რომ 10 თებერვალს, უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტსაც განიხილავდა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მანდატების ასე განაწილებაზე მსჯელობდნენ - პროპორციული სიით 135 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 15, ან პროპორციულით 130, მაჟორიტარულით - 20.

საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 12 თებერვლის ბრიფინგზე ოპოზიციის წევრები კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია და თქვა, რომ "დიალოგს ალტერნატივა არ აქვს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები