გიგი უგულავას საქმე

ვოლსკი ევროპარლამენტარს: ჩვენც გვირჩევნია, ოპოზიცია მოლაპარაკებაზე იჯდეს და არა პიკეტზე

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს პასუხობს.

ნაჩო სანჩეს ამორმა, რომელიც იმავე პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა, განაცხადა, რომ გიგი უგულავა "მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში."

ვოლსკის თქმით, თავადაც ურჩევნია, მისი პოლიტიკური ოპონენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ და არა "პიკეტირებასა და ბოიკოტის რეჟიმში".

"მინდა, ჩემს მეგობარ ნაჩო სანჩეს ამორს ვუთხრა, რომ ჩვენც გვირჩევნია, პოლიტიკური ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან, პარლამენტში ისხდნენ და არ იყვნენ პიკეტირებისა და ბოიკოტის რეჟიმში."

ვოლსკი იმასაც აღნიშნავს, რომ დანაშაულებისთვის სასჯელებს ქართული ოცნების წარმომადგენლებიც იხდიან.

"მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მკაცრ სასჯელს იხდიან და ორასჯერ ნაკლები დანაშაული მიუძღვით, არ მგონია, რომ ამორს ამაზე დამატებითი კითხვები გაუჩნდეს. საქმე ძალიან დიდ დანაშაულთან გვაქვს. სამწუხაროდ, გაცილებით მცირე დანაშაულისთვის „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენილი და გამარჯვებული მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან," - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელსაც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. 

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

კომენტარები