გიგი უგულავას საქმე

კალაძე: ევროპარლამენტარებს უგულავას საქმეზე შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შევთავაზეთ

ქართული ოცნება

კახა კალაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ ტვიეტრზე დაწერა.

"იმისთვის, რომ ევროპარლამენტარებს ძირითდი პოლიტიკური პარტიებიდან გიგი უგულავას საქმეზე დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ, ჩვენ მათ შევთავაზეთ საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შევთავაზეთ, რათა მათ დეტალურად შეისწავლონ საქმის არსებითი და პროცესუალური მხარე, სრული სიცხადის უზრუნველსაყოფად", - წერს კალაძე.

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე სტრასბუეგში ევროპარლამენტარებს, მიხაელ გალერს, სანდრა კალიენტეს, ვოლოდიმერ შიმოჩევიშს და სვენ მიქსერს შეხვდნენ.

ქართული ოცნების ცნობით, მათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები კახა კუჭავა, დავით სონღულაშვილი, ირაკლი ბერაია და ლევან კობიაშვილიც ესწრებოდნენ.

ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები შეხვდნენ, უგულავას დაკავებაზე 11 თებერვალს განაცხადა, რომ "ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციონერებზე საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული არაა".

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. სწორედ ამის გამო თქვა ოპოზიციამ უარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებაზე - მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი ამოწურა.

უგულავას დაკავებას ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის საელჩოები გამოეხმაურნენ და მიუთითეს, რომ ეს ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგს საფრთხეს უქმნის.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "დიალოგი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას მოითხოვს".

ევროკავშირის განცხადებით, "საქმის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას".

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კი ამბობს, რომ იზიარებს შეხედულებას, რომ უგულავას დაპატიმრება "პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს".

 

კომენტარები