NATO

NATO-ს თავდაცვის მინისტრები ერაყში საწვრთნელი მისიის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

იენს სტოლტენბერგი
Reuters

NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ერაყში საწვრთნელი მისიის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა.

"დღეს ალიანსის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაძლიერდეს საწვრთნელი მისია. პირველ რიგში ეს ნიშნავს გლობალური კოალიციის ამჟამად არსებული საწვრთნელი აქტივობების შეთავსებას." თქვა მან.

საწვრთნელი მისია, რომლის მიზანსაც ერაყის უშიშროების ძალების გადამზადება წარმოადგენდა აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ რეგიონში დაძაბულობის გაზრდის გამო დროებით შეჩერდა.

ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს მოუწოდა მეტი ეკეთებინათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ მისია უახლოეს პერიოდში განახლდება, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებია. გადაწყვეტილება რეგიონში ალიანსის ძალების რაოდენობას არ შეცვლის, რადგან მათ საწვრთნელ პროგრამაში სხვა მისიებიდან გადაანაწილებენ.

NATO-ს საწვრთნელი მისია 2018 წლის ოქტომბერში ბაღდადში დაიწყო. მასში 500-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ისინი საბრძოლო ოპერაციებში არ მონაწილეობენ.

ტრამპმა რეგიონში NATO-ს როლის გაზრდა 2017 წელსაც მოითხოვა, თუმცა მაშინ მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს გერმანიამ და საფრანგეთმა.

კომენტარები