ვენესუელა

ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა, აეროპორტში მისი ბიძა დააკავეს

ხუან გუაიდო
Reuters

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებული ხუან გუაიდო ქვეყანაში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე აეროპორტში მისი ბიძა დააკავეს.

გუაიდომ ვენესუელა სამი კვირით დატოვა და სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრები გამართა, მათ შორის აშშ-ში დონალდ ტრამპთან. დაბრუნებისას მას მხარდამჭერები დახვდნენ, თუმცა Reuters-ის მიხედვით მათ შორის იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც მას, ოპოზიციონერ კანონმდებლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

კარაკასის აეროპორტში მისი ბიძა, ხუან ხოსე მარკესი დააკავეს. მადუროს სოციალისტური პარტიის სპიკერმა ტელევიზიით განაცხადა, რომ მას თან ჰქონდა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც "ვენესუელის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციებს" შეიცავდა. მან ასევე წარმოადგინა გუაიდოს საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც დაჭრილი იყო და თქვა, რომ ის აეროპორტში ჩამოართვეს.

მარკესის ცოლი ამბობს, რომ ის მხოლოდ პილოტია და პოლიტიკასთან შეხება არ აქვს.

"მადურო ლაჩარია, რომელიც სახეს არ აჩვენებს, ხალხში გასვლას ვერ ბედავს დაცვის გარეშე და ჩემს ოჯახს ესხმის თავს." თქვა გუაიდომ ეროვნული ასამბლეის სესიაზე.

ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას როგორც ეროვნული ასამბლეის თამჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ. მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

4 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერაზე დემოკრატიის აღდგენის გზაზე ისაუბრა. მან ნიკოლას მადუროს სისხლიანი ტირანი უწოდა. ტრამპის გამოსვლას კონგრესში გუაიდოც ესწრებოდა. 5 თებერვალს ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტ ხუან გუაიდოს. თეთრი სახლის განცხადებაში აშშ-მა ვენესუელის არალეგიტიმურ დიქტატურასთან დაპირისპირებისთვის რეგიონში პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა - "ჩვენ ვენესუელელ ხალხთან ერთად ვიდგებით, რათა დემოკრატიული და წარმატებული მომავალი უზრუნველყოთ".

კომენტარები