არჩევნები 2020

ბაქრაძე: ჩვენი გეგმები დარჩენილ თვეებში ემსახურება ამოცანას - ოქტომბრის არჩევნების მოგებას

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის მთავარი გეგმა და ამოცანა ოქტომბერში, არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხებაა.

"ყველა ჩვენი ნაბიჯი ოქტომბრამდე ემსახურება ამოცანას, რომ შეიქმნას ენერგიის და ტალღის მაქსიმუმი ოქტომბრის არჩევნებზე, იმ ტალღის, რომლითაც ჩვენ, ყველა ერთად დავამარცხებთ ქართულ ოცნებას. მთელი ჩვენი გეგმები დარჩენილ 8 თვეში, ემსახურება ამ ამოცანას - ოქტომბრის არჩევნების მოგებას", - ამბობს ბაქრაძე.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, არჩევნებამდე ოპოზიციას სამოქმედო გეგმა და აქტივობები გაწერილი აქვს, რომელსაც საზოგადოებას 4 აპრილს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე გააცნობს.

ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმავენ რეგიონებში სტუმრობასა და ადგილზე აქციების გამართვას. ბაქრაძის ცნობით, აპრილში დაგეგმილ აქციაზე კი ოპიზიცია ხალხს გააცნობს შეთანხმებული კანდიდატების ნაწილს, იმ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციის სახელით იბრძოლებენ, - "და აუცილებლად დაამარცხებენ ქართულ ოცნებას წელს", - ამბობს ბაქრაძე.

ოპოზიცია 4 აპრილს, 4 საათზე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს. ოპოზიციამ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყება და აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა. მოლაპარაკების შეწყვეტა კი თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა - სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა. 

10 თებერვალს, 15:00 საათიდან ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტსაც განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მანდატების ასე განაწილებაზე მსჯელობდნენ - პროპორციული სიით 135 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 15, ან პროპორციულით 130, მაჟორიტარულით - 20. უგულავას დაპატიმრების გამო, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი აღარ გაიმართება.

კომენტარები