ქართული ოცნება

კაკულია: 2012-მდეც ბევრი არაადეკვატური შეფასება და დუმილი აიტანეს ქართველებმა დასავლეთიდან

droa.ge

ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია ამბობს, რომ "2012 წლამდეც ბევრი არაადეკვატური შეფასება და დუმილი აიტანა ქართველმა ხალხმა" დასავლეთიდან, რისი მიზეზიც, მისივე შეფასებით, ქართული საზოგადოების ევროპული ორიენტაცია იყო. 

კაკულიამ ამის შესახებ მისი თანაგუნდელების მიერ ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმეზე ფაქტების შემსწავლელი მისიის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

კაკულიას შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე "ამდენი ევროპული დახმარებების ფარგლებში გამოყოფილი თანხა და დრო დაიხარჯა", რისი მიზანიც, მისივე თქმით, რუსული პროპაგანდის განეიტრალება და ევროპული ღირებულებების მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო, აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ "დასავლეთში ზედაპირული, სიღრმისეული ანალიზის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიციები ჩვეულებრივი ტენდენციაა". 

დეპუტატისთვე თქმით, ქართული საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ეჭვის ქვეშ ვერანაირად ვერ დადგება. 

"სწორედ ამ მოცემულობისადმი ღრმა პატივისცემის გამო იყო, რომ 2012 წლამდეც ბევრი არაადეკვატური შეფასება და დუმილი აიტანა ქართველმა ხალხმა დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეებიდან ისე, რომ ხმამაღლა ერიდებოდა პროტესტის გამოხატვას,"- ამბობს რომან კაკულია. 

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებას საქმეზე, რომელზეც მას სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს, დასავლეთის მხრიდან, მათ შორის ევროპარლამენტარებიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. კრიტიკის საპასუხოდ, სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა ქართული ოცნების დელეგაციამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა. 

კომენტარები