თემურ აბაზოვი

მდინარაძე აბაზოვზე: ყოველთვის სპეკულაციური გამოდის განაჩენზე თქმა, რომ ის არაკანონიერია

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ძალადობაში ბრალდებული თემურ აბაზოვის გამამართლებელ განაჩენზე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ კონტექტსში საუბარი ყველას ინტერესს ლახავს.

"მარნეულის მერობამდე სად მუშაობდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ასეთი საკითხი ჩვენთან პარტიაში არ განხილულა, არ დასმულა. ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ კონტექსტში საუბარი ყველას ინტერესს ლახავს. ყოველთვის სპეკულაციური გამოდის ხოლმე რომელიმე განაჩენზე დაბეჯითებით ლაპარაკი, რომ ეს განაჩენი, გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი, არაკანონიერია".

თემურ აბაზოვი, რომელმაც მოქალაქეს მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სახეზე შარდის წასმა აიძულა, 12 თებერვალს სასამართლომ გაამართლა.

მარნეულის ყოფილი მერი, დოკუმენტების და ფოტოების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრად მუშაობდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე განთავსებულია პრემიერმინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ანკარაში ვიზიტის შესახებ.

თემურ აბაზოვი მითითებულია დელეგაციის წევრად, როგორც ივანიშვილის დაცვის ოფიცერი. იმავე დელეგაციის წევრია შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც მაშინ ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.

თავად აბაზოვმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრად მუდმივად მუშაობდა. მარნეულის ყოფილმა მერმა ტაბულას უთხრა, რომ ყოფილ პრემიერს თურქეთში ვიზიტისას დაცვის წევრად ერთჯერადად გაყვა.

აბაზოვი მარნეულის მერის პოსტიდან მას შემდეგ გადადგა, რაც საზოგადოებისთვის მის მიერ მოქალაქეზე ძალადობის შესახებ გახდა ცნობილი.

უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა, რომ თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა. ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". ვიდეო ალახვერდიევმა თავის ფეისბუქ გვერდზე დადო. "მონიტორის" მტკიცებით, ძალადობა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ ერთ-ერთ აქციაზე ელჩინ ახალვერდიევის მიერ ბიძინა ივანიშვილის და თემურ აბაზოვის მისამართით გინებას მოჰყვა.

მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან, რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლდა.

მოგვიანებით დაინიშჯანათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაც.

გუშინ, 12 თებერვალს კი ის რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

კომენტარები