მდინარაძე მისიის მოწვევაზე: ენმ და მისი სატელიტები ამ გადაწყვეტილებამ პანიკაში ჩააგდო

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის საქართველოში მოწვევამ "ნაციონალური მოძრაობა თავისი ყველა სატელიტით პანიკაში ჩააგდო". 

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ფაქტობრივად, გადაწყვეტილია", რომ ეს მისია საქართველოში ჩამოვა. 

"დღეს ნახეთ მათი განცხადებები. მათი პათოსი, პანიკური გამოვლინებები, რაც მათ განცხადებებზე აისახა, იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტებს არ აწყობს, ეს არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს,"- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

სინამდვილეში, ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ შემსწავლელი მისიის შექმნას მიესალმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან მათი მოწვევა PR-სვლის ნაწილია.  

გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. 

სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკული შეფასებების შემდეგ, ბრიუსელში მყოფმა ქართული ოცნების დელეგაციამ ევროპარლამენტარებს ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა. 

კომენტარები