ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შსს: ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის 2019 წელს 4564 პირი მიეცა პასუხისგებაში

www.gwf-online.org

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის 2019 წელს 4564 პირი მიეცა პასუხისგებაში. უმეტესობა მათგანი დააკავეს. 

უწყების ცნობით, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციისადმი მომართვიანობა.

მათი ცნობით, 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5621 შემთხვევაზე. 2019 წელს კი ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. (2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7646-ს შეადგენს).

მათივე ცნობით, სამინისტროს ინიციატივით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის გამკაცრდა პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ასევე, ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რამაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა დაცვის რეალურ ინსტრუმენტად აქცია.

სამინისტროს ცნობით, შედეგად: 

• შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ მხოლოდ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი.

• 2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.

• შემცირდა ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს გარდაიცვალა 14 ქალი, 2017 წელს - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, ხოლო 2019 წელს - ასევე 7 ქალი.

• გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში  მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს - 9 პირი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განმეორებითი ძალადობისაგან  დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც, რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პოლიციელთა მიერ მოძალადეთა მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები